2022 წლის 15 დეკემბრის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2022 წლის 15 დეკემბერს ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა, რომელიც გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები, აკადემიკოსები. მოხსენებით, ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის საქმიანობის შესახებ, დამსწრეთა წინაშე წარსდგა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ აბაშიძე. მან აღნიშნა, რომ ენციკლოპედიის მთავარი საქმიანობაა უნივერსალური, მრავალტომეულის „საქართველოს“ გამოცემა. გამოცემულ ოთხ ტომს 2023 წლის პირველ კვარტალში დაემატება მე-5 ტომი, რომელზეც მუშაობა უკვე პრაქტიკულად დასრულებულია.

აღინიშნა, რომ ქართულ ენციკლოპედიას ჩამოუყალიბდა პარტნიორული ურთიერთობები: დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, შვედეთის, სლოვაკეთის, ხორვატიის, ბალტიისპირეთის ქვეყნების და სხვა ენციკლოპედიებთან. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო კონფერენცია, რომელიც გაიმართა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, მიმდინარე წლის 6-8 ოქტომბერს.

მომხსენებელმა პრეზიდიუმის წევრებს წარუდგინა ენციკლოპედიის ახალი ვებ-გვერდი (www.georgianencyclopedia.ge). ელექტრონული ენციკლოპედია ბეჭდური ვერსიისაგან, უპირველესად, ვიზუალიზაციით განსხვავდება. სტატიებს უხვად ახლავს შესაბამისი ფოტომასალა, სქემები, რუკები, ილუსტრაციები, რომლებიც საგნებისა და მოვლენების უკეთ აღქმის შესაძლებლობას იძლევა. სამეცნიერო სტატიები გამდიდრებულია ვიდეო და აუდიო მასალებით.

დაგეგმილია ვებ-გვრდზე არსებული სტატიების და ინფორმაციის მუდმივი განახლება, რაც ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას.