2025 წლის 18 სექტემბერს საქართველოს კულტურის სამინისტროში წიგნის - „საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა - კახეთი“ წარდგენა გაიმართა.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ეს წიგნი მოამზადეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა.
ნაშრომი შეიქმნა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ გამოცემული „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის“ ხუთი წიგნის საფუძველზე, რომლებიც ეძღვნება კახეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლებს. წიგნში, ასევე, შესულია თუშეთის არქიტექტურული ძეგლები.
გამოცემაში მიმოხილულია 1 235 ხუროთმოძღვრული ძეგლი და მოცემულია ისტორიული ცნობები 70 დასახლებული პუნქტის შესახებ.
პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გამოცემის ავტორმა თამაზ დვალმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა, ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო რედაქციის მთავარმა რედაქტორმა ზურაბ აბაშიძემ და საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.