აბრეშუმის წარმოება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
13:39, 26 აპრილი 2021-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბრეშუმის წარმოება, დამამუშავებელი მრეწველობის მრეწველობის დარგი.

ძაფად გადაამუშავებს აბრეშუმის პარკს, ბუნებრივი და ქიმ. (ხელოვნური და სინთეზური) ბოჭკოსაგან ამზადებს ფართო ასორტიმენტის აბრეშუმის ქსოვილებს და სხვა სახის ნაწარმს. მასზე მოდიოდა რესპ. მსუბუქი მრეწვ. პროდუქციის დაახლ. 40% და სამრეწვ.-საწარმოო პერსონალის 7,0%. საქართველოში აბრეშუმის ქსოვილების წარმოება უძველესი დროიდან არის ცნობილი. ძაფის ამოხვევა, დართვა და ქსოვა წარმოებდა კუსტ. წესით. ძაფის შულოებად ამოსახვევად იყენებდნენ სხვადასხვა ხელსაწყოს („ელართაშე“, „ოგიდაშე“–სამეგრელოში; „ოგვადო“–გურიაში; „სამუხველი“, „სამუხოველი“–იმერეთში, „მანჯანიკი“–კახეთში), დასართავად, შესაძახავად – თითისტარებს, პრიმიტ. საქსოვ დაზგებს, ჩხირებს, ყაისნაღებს, სპეც. ფირფიტებს და სხვ. ამზადებდნენ თავთას, მერდინს, დარაიას; ქსოვდნენ თავსაფრებს, წინდებს, ტოლაღებს, ქისებს, ხელთათმანებს, ბადეებს, ჩახსაკრავებს, სახიან სარტყლებს, ყაითნებს, ჩაფარიშებს და სხვ. წარმოება ადგილ. ნედლეულს ემყარებოდა.

XIX ს. დასაწყისიდან დას. ევროპასა და რუსეთში განვითარდა აბრეშუმის ფაბრიკული წარმოება. გაიზარდა მოთხოვნილება ნედლეულზე. საქართველოში აბრეშუმის ქსოვილების წარმოება თანდათანობით შეწყდა, კმაყოფილდებოდნენ შემოზიდული ნაწარმით, ნედლეული კი გაჰქონდათ რუსეთსა და დას. ევროპაში.

XX ს. საქართველოში აბრეშუმის ქსოვილების დამზადების ტრადიცია კვლავ აღორძინდა, ინდუსტრ. საფუძველზე აიგო საწარმოები თბილისში, ქუთაისში, სენაკში, კულაშში, სოხუმში. ძაფსახვევი და საგრეხი – თელავში, ოზურგეთში, სამტრედიაში, ხონში. ა. წ. აერთიანებდა თბილ. და ქუთაისის საფეიქრო-სამკერვალო გაერთიანებებს, სოხუმის საქსოვ ფ-კას, ოზურგეთის, სამტრედიის, ხონისა და თელავის ძაფსაღებ-საგრეხ ფ-კებს, სადაც აწარმოებენ საკაბე, საპერანგე, სასარჩულე, საგალანტერეო, სალაბადე, დეკორ. ქსოვილებსა და სხვა ნაწარმს.

XX ს. ბოლოს თუთის ხის ავადმყოფობის გავრცელების გამო საგრძნობლად შემცირდა აბრეშუმის ჭიის საკვები ბაზა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ბუნებრივი აბრეშუმის ნართის წარმოება, რ-იც შემდგომ საერთოდ შეწყდა. გასატარებელია აგროტექ., ეკონ., ინსტუტიციები და სხვ. ღონისძიებები სამომავლოდ ბუნებრივი აბრეშუმის წარმოების ასაღორძინებლად.

                                                                                                                                                                   პ. გარუჩავა. ი. გაგნიძე.