ენციკლოპედია "საქართველო"

ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია წარმოგიდგენთ ენციკლოპედია „საქართველოს“ ელექტრონულ ვერსიას. ამჟამად ვებგვერდზე განთავსებულია აღნიშნული გამოცემის 5 ტომის მასალები (ასოები „ა“-„მ“), 14 ათასამდე სტატია.

ენციკლოპედია „საქართველო" მკითხველს აწვდის მრავალფეროვან ინფორმაციას საქართველოსა და ქართველებზე, ყველა მნიშვნელოვან ფაქტსა თუ მოღვაწეზე, ასევე, - იმ უცხოელებსა და მსოფლიო-ისტორიულ მოვლენებზე, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. წარმოდგენილია ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ის ძირითადი სფერო, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველო განიხილება მსოფლიოს საერთო ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში.

ენციკლოპედია „საქართველოს" დასაყრდენია უახლესი ინფორმაცია და მონაცემები, კერძოდ, პირველი ქართული უნივერსალური ენციკლოპედიის თორმეტტომეული და რედაქციის მიერ მომზადებული სხვა საენციკლოპედიო გამოცემები ("თბილისი", „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა" (6 წიგნი), „ქართული ენა", „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები",), ათეული წლების განმავლობაში ცნობილი ქართველი მეცნიერებისა და სპეციალისტების მიერ მომზადებული მასალები და სამეცნიერო კვლევები. ენციკლოპედიის რედაქცია მუდმივად მუშაობს მათს განახლებასა და ახალი ინფორმაციის მოძიება-დამატებაზე. ამჟამად ყველაფერი აქცენტირებულია მასალების განახლებაზე, ასევე ახალი სტატიების მომზადებასა და ვებგვერდზე განთავსებაზე.

ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ მომზადებული სტატიები გამოირჩევა მაღალი აკადემიური დონითა და მეცნიერული სანდოობით. ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს, სამეცნიერო სექციების წევრები და კონსულტანტები არიან შესაბამისი დარგების მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერები.

 სტატიებში ცვლილებების შეტანა მხოლოდ ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო რედაქციის პრეროგატივაა.