ზაქარია აგულეცი (26. IX. 1630–1691), სომეხი ვაჭარი და მემატიანე. ზედწოდება „აგულეცი” მიიღო მშობლიურ სოფელ აგულისიდან. 17 წლის ასაკიდან ჩაება სავაჭრო საქმიანობაში, რის წყალობითაც მოიარა ამიერკავკასია, ირანი, ოსმალეთი და დას. ევროპის ქვეყნები. ნანახი და განცდილი აღწერა თავის „დღიურში”, რ-იც დღეისათვის ცნობილი მისი ერთადერთი ნაწარმოებია. „დღიური” დაწერილია ქრონოლ. თანმიმდევრობით, 1647 დაწყებული – 1691 ჩათვლით. აზიისა და ევროპის ქვეყნებში მისი თანადროული მნიშვნელოვანი მოვლენებისა და კერძო ამბების გადმოცემისას საინტერესო ცნობებს გვაწვდის საქართველოს პოლიტ., სოც. და ეკონ. ცხოვრების ცალკეული ფაქტების შესახებ. ეს ცნობები ავსებენ, ზოგჯერ კი აზუსტებენ XVII ს. საქართველოს ისტ. ცნობილ მოვლენებს. ქართ. ისტ. წყაროებისგან განსხვავებით, ზ. ა. ვახტანგ V-ის ხოშკარში გარდაცვალების თარიღად ასახელებს 1676. მასთან პირველად ვხვდებით ვახტანგ V-ის მოწამვლის ცნობას. ზოგიერთი ახ. დეტალით ავსებს ჩვენს ცოდნას ვახტანგ V-ის სიკვდილის შემდეგ საქართველოში შექმნილ პოლიტ. სიტუაციაზეც. საყურადღებოა მისი ცნობა დას. საქართველოში ოსმალთა სამხ. ექსპედიციაზე არჩილ II-ის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ზ. ა-ის ცნობები სომხეთში მოღვაწე, შაჰის სამსახურში მყოფი ქართვ. ეროვნების მსხვილ და საშუალო მოხელეებზე [მაგ., ერევნის სახანოს ქართვ. მმართველი ზალ-ხანი (1679–85), ცნოს ბატონი ფარსადან-ბეგი და სხვ.], თბილ. ზარაფხანაზე, 1651 წ. 11 აგვისტოს დიდი წყალდიდობის შესახებ თბილისში და სხვ.
თხზ.: დღიური, ნაწ. 2–3. ძვ. სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ლ. დავლიანიძემ, თბ., 1979.
ლიტ.: მელიქსეთ-ბეგი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941; Абегян М., История древнеармянской литературы, Eр., 1975.
გ. მაისურაძე