ზაქარიასთავი, ზაქარიასწვერი, მთა მცხეთის მუნიციპალიტეტში, საბადურის ქედზე (ქართლის ქედის სამხრ.-აღმ. მონაკვეთი). სიმაღლე 1433 მ. აგებულია ნეოგენური თიხებისა და ქვიშაქვების შუაშრეებიანი კონგლომერატებით. ჩრდ. და ჩრდ.-აღმ. კალთები დამრეცია, სამხრ. და სამხრ.-დას. – შედარებით ციცაბო. კალთების ქვემო ნაწილი შემოსილია ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული მუხნარ-რცხილნარით, ზემო – ამავე ნიადაგებზე გავრცელებული წიფლის ტყეებით.
მ. უთმელიძე