ზაქარიაძე ალექსანდრე ყარამანის ძე (15. II. 1884, სოფ. ქვედა სიმონეთი, ქუთაისის მაზრა, – 1957, პარიზი), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი (1919). რუს. იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1915). პოლონეთის არმიის ბრიგადისა (1923) და დივიზიის გენერალი (1927). 1900 დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი. 1901–03 სწავლობდა თბილ. იუნკერთა სასწავლებელში. 1903-იდან მსახურობდა 79-ე ქვეით, შემდეგ სამარის 147-ე ქვეით პოლკებში. რუსეთ-იაპონიის ომის დროს მუკდენთან ბრძოლაში (1905) თავში მძიმედ დაიჭრა. 1909–12 სწავლობდა გენშტაბის აკადემიაში. იყო კაზაკთა მე-3 დივიზიის შტაბის უფროსი (1914), 27-ე კორპუსის შტაბის ოფიცერი (1915), ლიტვის მე-2 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი (1917). მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1917 დაბრუნდა საქართველოში. იყო ეროვნ. საბჭოს სამხ. კომისიის შტაბის უფროსი (1917), ქართ. კორპუსის შტაბის უფროსი (1918), საქართვ. გენშტაბის უფროსი (1919–21). 1922-იდან მსახურობდა პოლონეთის არმიაში. 1939 პოლონეთის არმიის რიგებში იბრძოდა გერმანელთა წინააღმდეგ. პოლონეთის ოკუპაციის პერიოდში ზ. 5-ჯერ დააპატიმრეს, გადარჩა ვერმახტის ოფიცრების ჩარევით. 1945–48 იმყოფებოდა გერმანიაში, ინგლისელთა საოკუპაციო ზონაში, შემდეგ ცხოვრობდა საფრანგეთში. ემიგრაციაში ზ-მ დაწერა მოგონებები – „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–21 წწ.)”. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. ზ. დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, წმ. გიორგის ხმლითა და ინგლისის საბრძოლო ჯვრით.
ლიტ.: ურუშაძე ლ., ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, თბ., 2005; შარაძე გ., გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე, «მხედარი», II, 1992; ჯავახიშვილი ნ., ქართველი მხედრები პოლონეთის დროშის ქვეშ, თბ., 1998.
მ. წურწუმია