ზაქარო

ზაქარო, სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), საგურამოს ვაკეზე, მდ. თეზმის (არაგვის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 770 მ, მცხეთიდან 19 კმ. 697 მცხ. (2002). ზ. (ზაქარა) იხსენიება კახეთის მეფის დავით იმამყული-ხანის 1722 „ღმრთაების გუჯარში”, რ-ის თანახმადაც მეფემ ზ. მძორეთთან, ბიწმენდთან და საგურამოსთან ერთად მარტყოფის სამწყსოს უბოძა. ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.), კახეთის სოფლების დასახელებისას, ზ. გარდან-საგურამოს მხარეში აქვს შეყვანილი. გვიანდ. შუა საუკუნეების ადმ.-ტერ. დაყოფით ზ. კახეთის სამეფოს მემარცხენე ანუ „რუსთველის” სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა. XIX ს-იდან უკვე ზ-ს სახელწოდებით იხსენიება და 1917-მდე დუშეთის მაზრის ივთის-ზაქაროს სასოფლო საზ-ბაში ითვლებოდა. სოფლის აღმ-ით, სოფ. გალავნისკენ მიმავალ საავტ. გზის პირას, დგას გვიანდ. შუა საუკუნეების კვირაცხოვლის ერთნავიანი ეკლესია; სოფლის ჩრდ.-დას-ით – VIII–IX სს. ერთნავიანი ეკლესია – შინდიანის ხატი, რ-შიც შემორჩენილია გვიანდ. შუა საუკუნეების მოხატულობის ნაშთი. სოფლის ჩრდ.-აღმ-ით 2–3 კმ-ზე, ყანებში კიდევ ერთი ერთნავიანი დაზიანებული ეკლესიაა.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1966.

ზ. ცინცაძე