ზაქსი კურტ

ზაქსი (Sachs) კურტ (29. VI. 1881, ბერლინი, – 5. XI. 1959, ნიუ-იორკი), გერმანელი მუსიკისმცოდნე. 1904 დაამთავრა ბერლინის უნ-ტი. 1920-იდან იყო ბერლინის მუს. უმაღლესი აკად. და უნ-ტის პროფესორი. 1933–37 ცხოვრობდა და მუშაობდა პარიზში, 1937-იდან – აშშ-ში, სადაც 1957-მდე იყო ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნ-ტის (1953-იდან) პროფესორი. ზ-ის მეცნ. კვლევის ძირითადი სფეროა ორგანოლოგია და მუს. ეთნოგრაფია. იგი ავტორია კაპიტ. შრომებისა: „საკრავთა ლექსიკონი” (1913), „საკრავთმცოდნეობის სახელმძღვანელო” (1920). მათში აღწერილი და დახასიათებულია მსოფლიოს ხალხთა საკრავები, მ. შ. ქართულიც, კერძოდ, ჩანგი, ჩონგური, სალამური, სტვირი, გუდასტვირი. ზ. ავტორია ნაშრომებისა ანტ. მუსიკის კულტ. შესახებ.

მ. შილაკაძე