ზახა, ზაყა, ისტორიული დვალეთის ერთ-ერთი თემი. მდებარეობდა ცენტრ. კავკასიონზე, მდ. არდონის სათავეებთან, ზახის ხევში. XVII–XVIII სს-ში არაგვის ერისთავების მფლობელობაში იყო. 1859-მდე შემოდიოდა საქართველოს შემადგენლობაში, შემდეგ დანარჩენ დვალეთთან ერთად გადაეცა კავკასიის ხაზის მარცხ. ფრთას – ოსეთის სამხ. ოკრუგს. დღეს ჩრდ. ოსეთის რესპ. შემადგენლობაშია. ზ-იდან გზები გადადის თრუსოში, ზეკარისა და სბის გავლით დიდ ლიახვზე ქართლში. ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) რუკაზე ზ-ში ოთხი დაბაა აღნიშნული. იქვეა აღნიშნული მცირე ეკლესიაც. ზ-ის სოფ. ქესათი-ყაუში ამ ეკლესიის მხოლოდ ცოკოლია შემორჩენილი.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ჯ. გვასალია