ზახორი

ზახორი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ზახორის, ქვემო ზახორისა და შუა ზახორის გავრცელებული სახელწოდება. ზ. მდებარეობს მდ. ლეხურის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფელთა სიაში ზ. შეტანილია „ქართლით” სახელდებულ თემში. სოფლის სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს მდ. ლეხურის ზემოწელის მფლობელის აზნაურ ზახორ ღაზნელიძის სახელიდან, რ-იც XVI ს-ში ცხოვრობდა. 1625 ანდუყაფარ ამილახვარმა ქსნის ერისთავთან ერთად ამოწყვიტა აზნაურ ღაზნელიძის ოჯახი, ხოლო მისი მამულები გაინაწილეს. XVII ს. საამილახვროს დავთრის მიხედვით ზ-ში ცხოვრობდნენ ზურაბ ღაზნელიძის ყმები – ქართველი გლეხები, 1791 საბუთის მიხედვით ამოწყვეტილი ღაზნელიძის ყმებიდან ზ-ში დარჩენილია მხოლოდ ოთხი კომლი. 1865 ზ. 21 კომლი მოსახლით ქსნის უბნის ზახორის სას. თემის შემადგენლობაშია. სოფელში, მდ. ლეხურის ნაპირას, საყარაულო ოთხკუთხა კოშკებია. არის აგრეთვე ტაძრის ნანგრევები. ზ-იდან 2 კმ-ზე ჩრდ-ით მდებარეობს ღაზნელიძის ციხე-დარბაზი, ე. წ. კაბერის ციხე. ციხე-დარბაზი შემოზღუდული ყოფილა ქვითკირის გალავნით, რ-საც ჰქონია სათოფურები და ქონგურები. ძეგლი XVI ს. თარიღდება.

ჯ. გვასალია