„ზაჰესი”

“ზაჰესი” (სააქციო საზოგადოება), ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური, პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, მდ. მტკვარზე, მცხეთასთან, მტკვრისა და არაგვის შესართავის მახლობლად. „ზ.” დერივაციული ტიპისაა. მდ. მტკვარზე ჰესის მშენებლობის პროექტები არსებობდა 1904–05 და XX ს. 20-იან წლებში. 1922 წ. 23 მაისს, მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების თბილ. საბჭომ მიიღო დადგენილება ზაჰესის მშენებლობის დაწყების შესახებ; 1923 წ. 16 იანვარს სსრკ შრომისა და თავდაცვის საბჭოს დადგენილებით საკავშ. სახსრებიდან თბილ. საბჭოს ამ მიზნით გამოეყო გრძელვადიანი სესხი – 750 ათ. ოქროს მანეთი. ზაჰესის პირველი ესკიზური პროექტი ეკუთვნის ინჟ. ი. მელიქ-ფაშაევს. მშენებლობა დაიწყო 1922 წ. 10 სექტემბერს, რ-საც ხელმძღვანელობდა ბ. ა. ჭიჭინაძე. ჰესის პირველი რიგი (12,8 მეგვტ ჯამური სიმძლავრის 4 აგრეგატი) საექსპლუატაციოდ გადაეცა 1927 წ. 26 ივნისს. მეორე რიგის სამშ. სამუშაოები 1930 დაიწყო და დამთავრდა 1938. გაშვებულ იქნა კიდევ ორი აგრეგატი – თითოეული 12 მეგვტ სიმძლავრისა. ჰესის ჯამურმა სიმძლავრემ მიაღწია 36,8 მეგვტ, საშ. წლიურმა გამომუშავებამ კი – 203 მლნ. კვტ.სთ. მაქს. დაწნევამ შეადგინა 24,1 მ, მინიმალურმა – 18,6 მ. „ზ.” მეორე დიდი ჰიდროელექტროსადგური იყო საბჭ. კავშირში (ვოლხოვის ჰესის შემდეგ). „ზ-ის” აგებით საფუძველი ჩაეყარა საქართვ. სახ. მეურნეობის ელექტრიფიკაციას. იგი აშენებულია მაღალ საინჟ.-ტექ. დონეზე, მისი დაპროექტებისა და მშენებლობისას განხორციელებულია რამდენიმე ორიგინ. გადაწყვეტა: ძალური კვანძის ნაგებობათა რაციონალური განლაგება; სადაწნეო აუზის ორიგინ. კონსტრუქცია, რ-იც სამანქანო შენობასთან ერთად ქმნის არქიტ. ანსამბლს (ელსადგურის არქიტ. ნაწილის ავტორები: ა. კალგინი, მ. მაჭავარიანი და კ. ლეონტიევი). ჰიდროკვანძში შედის სათავის ბეტონის კაშხალი (სიმაღლე 34 მ), წყალმიმღები, სადერივაციო არხი (სიგრძე 3 კმ), სადაწნეო აუზი და ჰესის შენობა. კაშხალი ქმნის სადღეღამისო რეგულირების წყალსაცავს. 1995 წ. 28 დეკემბრიდან ჰიდროელექტროსადგურის ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს „ზაჰესი”, რ-იც 2008 გარდაიქმნა სააქციო საზ-ბად „ზ.“ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია (მლნ. კვტ.სთ): 1928 წ. – 23,9; 1955 წ. – 187,0; 1960 წ. – 229,1; 1965 წ. – 213,2; 1970 წ. – 222,2; 1975 წ. – 178,9; 1980 წ. – 162,8; 1985 წ. – 131,0; 1990 წ. – 137,9; 1995 წ.–152,3; 2000 წ. – 135,4; 2005 წ. – 148,0; 2010 წ. –192,8; 2013 წ.–166,3.

დ. ჩომახიძე