ზეამზია

ზეამზია, სამი სოფელი ისტორიულ გუჯარეთში (ახლანდ. ბორჯომის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს გუჯარეთისწყლის მარცხენა შენაკადზე. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) რუკაზე აღნიშნულია ამ სახელწოდების სამი სოფელი. ამჟამად ორი სოფელია – ქვემო და ზემო მზეთამზე. ქვემო მზეთამზის ძვ. ნაეკლესიარი ღვთისმშობლის სახელობისაა. ნანგრევებში მოჩანს თანაბარი ლოდების მწკრივები, რ-თა წყობა მეტ-ნაკლებად თარაზულია. დარბაზული ეკლესიის ზომებია 2 მ X5 მ. მის ცენტრში, ორსაფეხურიან ბაზისში 70 სმ სიმაღლის ოთხკუთხა სვეტია ჩასმული, რ-ის ერთ სიბრტყეზე, შუაში, მოგრძო, რელიეფური ჯვარია გამოსახული. სვეტს ზევიდან ფოსო აქვს, რ-შიც ვიწრო ტოლმკლავა ჯვარი ჩაუსვამთ, კონცენტრირებული წრეებით მკლავების გადაკვეთაზე. საკურთხეველში არის მეორე ბაზისიც ქვაჯვარის გარეშე; კიდევ ერთ ქვაზე „ბოლნური მედალიონია” გამოსახული. შენობას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა და გარს გალავანი ერტყა. ქვემო და ზემო მზეთამზის შემაერთებელ გზაზე მცირე გორაკია, სახელად „საჯვარე”. ზედ მართლაც ქვაჯვარის ბაზაა, აქედან გადავარდნილი მომაღლო სვეტი იქვე გდია, ზედ მოგრძო რელიეფური ჯვარია გამოსახული. ზემო მზეთამზეში, სასაფლაოზე დგას 1901 აგებული წმ. გიორგის მოზრდილი, დარბაზული ეკლესია. იგი იმ უცხო სტილითაა ნაგები, რ-იც XIX ს. მეორე ნახევარსა და XX ს. დასაწყისში ევროპიდან რუსეთის გზით შემოვიდა და ფართოდ გავრცელდა. ზემო მზეთამზის სამხრ.-აღმ-ით ნასახლარებია, ეს უნდა იყოს ვახუშტი ბატონიშვილის რუკისეული მესამე ზ. ამ სოფლის სალოცავი „საყდრისერზე” მდგარი ნაეკლესიარი უნდა ყოფილიყო: ის მსგავსია ქვემო მზეთამზის ეკლესიისა. გარეთ, აღმ. კედელთან გდია ქვაჯვარის ბაზისი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც ვინოგრადოვ-ნიკიტინმა 1916 მზეთამზიდან გადაიტანა და ბორჯომპარკში გამოფინა. ესაა ორი მაღალი, ოთხკუთხა ქვის სტელა თავისი ბაზისებით. ერთ-ერთის სამ გვერდზე გამოსახულია ჯვრები და მამაკაცის ფიგურა გრძელი წვერით. სტელები აღწერა და ფოტოებიც გამოაქვეყნა აკად. გ. ჩუბინაშვილმა. მან ეს ძეგლები კატაულასა (VII ს.) და უსანეთის (VIII ს.) სტელებზე ბევრად უფრო გვიანდელად მიიჩნია. ამ პუნქტების სახელი ძველიდან ჩვენს დრომდე ასე იცვლება – სამძივისხევი სამზიოსხევი, ზეამზია, მზეთამზე. ამოსავალი რომ სამძივისხევია და სამძივი, ჩანს საგვარეულოს სახელწოდებიდან – სამძივარი, სადაც -არ სუფიქსი წარმომავლობას, აგრეთვე რომელიმე პუნქტის კუთვნილებას აღნიშნავს. ამ საგვარეულოს წარმომადგენელს პირველად ახსენებენ „ქართლის ცხოვრების” ჩანართში ანდრია მოციქულის მოღვაწეობის შესახებ, რ-იც ლეონტი მროველის ტექსტშია დაცული. იქ ნათქვამია, რომ „აწყურში მთავრობდა მაშინ დედაკაცი ვინმე ქურივი სამძივარი”. მოტანილი ცნობა შეიძლება ისე გავიგოთ, რომ ეს იყო სამძივისხევში დაწინაურებული საგვარეულოს წარმომადგენელი, გათხოვილი აწყურის მთავარზე. ახლანდელი ზემო და ქვემო მზეთამზე XX ს. დასასრულს აღორძინდა ძვ. ნასოფლარებზე. აქ ქართლიდან და იმერეთიდან (ნადაბური, ამაშუკეთი) გადმოსულები დასახლდნენ.

ლიტ.: ბერძენიშვილი დ., გიორგაძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭანიშვილი გ., გუჯარეთი, თბ., 1987.

დ. ბერძენიშვილი