ზებედე I

ზებედე I, აღმ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1552–56. 1552, თბილისიდან სპარსელ დამპყრობთა განდევნის შემდეგ (შაჰმა თამაზ I-მა თბილისი დაიკავა 1548), ზ. I-მა „აიაზმით განწმინდა” და ხელახლა აკურთხა სიონის ღვთისმშობლის საეპისკოპოსო ტაძარი, აგრეთვე ქალაქის ყველა დანარჩენი ეკლესია, რ-იც მტერმა შებილწა და გააუქმა. ხელი მოაწერა ლუარსაბ I-ის 1552 წლის სიგელს სიონის ეკლესიაში მღვდელმსახურების აღდგენისა და მამულების შეწირვის შესახებ.

წყარო: ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 2, ტფ., 1897; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.

ბ. ლომინაძე