ზებეყურის ქედი, საშუალო სიმაღლის ქედი აღმ. საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ლეხურისა და ქსნის წყალგამყოფი. გამოეყოფა ხარულის ქედს ცხრაწყაროს მთასთან და მიემართება სამხრ-ით. აგებულია ნეოგენური კონგლომერატებით, თიხებისა და ქვიშაქვების შუაშრეებით. კალთები სუსტად დანაწევრებულია, შემოსილია ფართოფოთლოვანი და შერეული ტყით, ჩრდ. მონაკვეთზე მეორეული მდელოებია. ქედზე აღმართულია ზებეყურის მთა (2118 მ). ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) სიტყვით, „ამ კლდეს ქუეით მტკურამდე ქსანი არს ვენახოვანი, ხილიანი, მოსავლიანი... და ამ კლდეს ზეით იწრო და მჭიდრო, უვენახო, უხილო, მწირი, ვითარცა სხუანი მთის ალაგნი მოსავალითა, ტყიან-კლდიანობითა”.
გ. დევდარიანი
ჯ. გვასალია