ზებუ

ზებუ, კუზიანი ძროხა (Bos indicus), მისი სამშობლოა ინდოეთი. გავრცელდა აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე. ამერ. ტროპ. და სუბტროპ. ზონებში. მოშენებულია აზერბაიჯანსა და ცენტრ. აზიის ქვეყნებში. არსებობს ზ-ს და ზებუსნაირი ძროხეულის 370-მდე ჯიში. მათი სულადობა 500 მლნ. აჭარბებს. ნიდაოზე აქვს შემაერთებელი ქსოვილოვანი ცხიმ-ხორცოვანი კუზი, ძლიერ განვითარებული კანის ნაოჭები და დიდი ზომის ყურები. ფერად შავი, წითელ-ჭრელი, თაფლა, ნაცრისფერი და წაბლაა. ზრდასრული ფურის საშ. მასაა 250–270 კგ, კუროსი – 300–350 კგ, კულტ. ჯიშების ფურისა – 450–550 კგ, კუროსი კი – 850–1000 კგ. ზ. ზოგიერთი ენდემური დაავადებისადმი გენეტ. მდგრადია. კარგად ეგუება პაპანაქება სიცხეს. წლიურად იწველის 1500 კგ-მდე, რეკორდული ნაწველია 5600 კგ. რძე შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს (4,5–5%-მდე). საქართველოში ზ. 1976 შემოიყვანეს. იყენებენ ჰიბრიდიზაციის გზით მაღალი ტემპერატურისა და დაავადებებისადმი გამძლე მერძეული და მეხორცული ჯიშების გამოსაყვანად.

გ. გოგოლი