ზეგანი, ზაკი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, X ს. გუმბათოვანი ეკლესია ისტ. ჯავახეთში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია). 1902 მოინახულა ე. თაყაიშვილმა. გამოაქვეყნა გეგმა, ჭრილი და 2 ფოტოსურათი (ძეგლი შედარებით კარგ მდგომარეობაში იყო. ამჟამად ნანგრევებადაა ქცეული). სამხრ. შესასვლელის თავზე საქტიტორო რელიეფი იყო მოთავსებული, რომლის კომპოზიცია უნიკალურია როგორც იკონოგრაფიული თვალსაზრისით, ასევე ფიგურათა რაოდენობითა და მათი შემადგენლობით. რელიეფზე გამოსახულია ღვთისმშობელი ჩვილით და ქტიტორი ეკლესიის მოდელით ხელში. მათ შუა ანგელოზის ფიგურაა. შემორჩენილია ცალკეული ქართ. ასოებიც. რელიეფებში ფრინველთა და ცხოველთა გამოსახულებებიც იყო ჩართული. ეკლესია გეგმით ტრიკონქია. ერთი ნავისაგან შემდგარი დას. მკლავი წაგრძელებულია. საკურთხევლის აფსიდი გარედან ხუთწახნაგაა, გვერდითი აფსიდები სწორკუთხედშია მოქცეული; სამკვეთლო და სადიაკვნე უშუალოდ გვერდით აფსიდებს უკავშირდება. ეკლესიას სამხრ-იდან და დას-იდან საერთო გარშემოსავლელი ჰქონდა. დას. მკლავი პილასტრების მეშვეობითაა დანაწევრებული. ამავე მკლავშია მოწყობილი პატრონიკე. მაღალ და მრგვალ გუმბათის ყელში 4 სარკმელია, რ-თაგან 2 მრგვალია. გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება ტრომპულ-აფრული სისტემით. შიგნით პილასტრები და თაღები თლილი ქვითაა ამოყვანილი, ფასადები შემოსილია სწორ რიგებად ნაწყობი სუფთად გათლილი კვადრებით. გუმბათს შემოუყვება არკატურა, რ-ის თაღებიც მონაცვლეობით შეწყვილებულ ლილვებს და კრონშტაინებს ეყრდნობა. ფასადებს და ლავგარდანს ამკობდა კვეთილი ორნამენტი. სამხრ. სარკმლის თავზე ჯვრისა და ცხენზე ამხედრებული წმ. გიორგის გამოსახულებაა.
ლიტ.: Беридзе В. В., Mесто памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб., 1981.