ზედა ვარძია

ზედა ვარძია, X–XI სს. მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ეკლესია. მდებარეობს ვარძიის ჩრდ.-დას-ით 3 კმ-ზე. ზედა ვარძიის ხევის ზემო ნაწილში, გიორგიწმინდის ხევის შესაყართან. ნასოფლარს ჰქვია ზ. ვ. ეკლესია აღმართულია კლდის ძირას ხელოვნურად მოსწორებულ და გამაგრებულ ბაქანზე. მიეკუთვნება ორნავიან ეკლესიათა ტიპს, რ-საც სამხრ-ით დამატებული აქვს სამთაღედით შემკული ღია სტოა, რ-იც მთავარ ნავს კარით უკავშირდება. დას. მინაშენი უფრო გვიანდელი ხანისაა. ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი მოწითალო-იასამნისფერი ტუფ-ანდეზიტის კვადრებით. შიგნით შემოსილია დიდრონი თლილი ქვებით. ღრმა აფსიდით დასრულებული მთავარი ნავი მაღალია და ფართო, ჩრდ-ისა კი – დაბალი და ვიწრო. ისინი დაკავშირებული არიან ერთმანეთთან ორ ბურჯზე დაყრდნობილი თაღებით. ეკლესია შიგნით შელესილი ყოფილა, შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. გარედან ორივე ნავი გადახურულია ერთიანი ორფერდა სახურავით და უხვადაა მორთული ჩუქურთმებით. შესასვლელის თავზე სტილიზებული ასომთავრული წარწერაა, რ-შიც მოხსენიებულია ფრესკების ქტიტორის – აფრიდონის სახელი. მას ეკავა მსახურთუხუცესის თანამდებობა მეფე გიორგი III-ის დროს და ფლობდა თმოგვს. ეკლესიის მახლობლად, კლდეში, ერთ ან ორ სართულად გამოკვეთილია ქვაბ-სენაკები მონაზვნებისათვის.

ლიტ.: გაბაშვილი ც., ზედა ვარძია, თბ., 1985; გაფრინდაშვილი გ., ვარძია, თბ., 1976 (ქართ., ინგლ., რუს. ენებზე).

ი. ელიზბარაშვილი