ზედა მღვიმე

ზედა მღვიმე, შუა პალეოლითის ხანის კარსტული მღვიმე სოფ. ცუცხვათის ტერიტორიაზე (ტყიბულის მუნიციპალიტეტი), მდ. შაბათაღელის მარჯვ. ნაპირზე, მდინარის დონიდან 65 მ, ზ. დ. 340 მ სიმაღლეზე. მღვიმე გამომუშავებულია ოკრიბა-არგვეთის ქედის ქვედა ცარცულ კირქვებში. იგი წარმოადგენს ცუცხვათის მრავალიარუსიანი (12) მღვიმური კომპლექსის IX იარუსს. აღმოჩენილია 1971 (ჭ. ჯანელიძე). გაითხარა 1971, 1974 (დ. თუშაბრამიშვილი). მღვიმე მშრალია. შესასვლელი მიმართულია ჩრდ-კენ (სიგრძე – 3,20 მ; სიგანე – 3,10 მ; სიმაღლე – 0,70 მ). გათხრილია 7 კვ. მ. დადგენილია 8 ლითოლოგიური ფენა. II–VII ფენებში აღმოჩენილია შუა პალეოლითური ხანის 14 ნივთი (იარაღი, ანატკეც-ლამელები), რ-ებიც თავისი იერსახით (ქვის გაპობის არალევალუური, არაფაცეტირებული ტექნიკა, ტიპური მუსტიე, გამდიდრებული დაკბილული ფორმები) მიეკუთვნება ცუცხვათის მუსტიეური კულტურის გვიანდ. საფეხურს. I–IV, V, VI და VII ფენებისგან მიღებულია პალინოლოგიური მონაცემები. სპორა-მტვრის სპექტრებში უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გამოჩნდა სითბოსა და ტენიანობის მოყვარული წაბლის მტვერი; დადასტურდა ჭაობის კვიპაროსის, ბზის, ბაძგის არსებობა. ზ. მ-ის ფაუნა მდიდარია. დადგენილია შემდეგი ცხოველების არსებობა: თრია, მცირე აზიური ზაზუნა, რუხი კურდღელი, მგელი, ტურა, მელა, მღვიმური დათვი, მურა დათვი, მღვიმური აფთარი, ტყის კვერნა, მაჩვი, ავაზა, მღვიმური ლომი, ცხენი, გარეული ღორი, კეთილშობილი ირემი, შველი, არჩვი, კავკ. თხა, ბიზონი, კაჭკაჭი, ქორცქვიტა. მღვიმეში (ძირითადად IV და V ფენებში), ცხოველთა მრავალი დანაწევრებული და ლულოვანი ძვლების გარდა, აღმოჩენილია მღვიმური დათვის თავის ქალები ქვედა ყბის გარეშე, რ-ებიც კედლების გასწვრივ გარკვეული რიგით იყო დალაგებული. წარმოების გადანაყარის არარსებობა, იარაღის მცირე რაოდენობა და გარკვეული თანამიმდევრობით დალაგებული მღვიმური დათვის თავის ქალები იმის მაუწყებელია, რომ ზ. მ-ს საკულტო დანიშნულება ჰქონდა და შუა პალეოლითელი ადამიანი მას ცხოველთან (უფრო მღვიმურ დათვთან) დაკავშირებულ სარიტუალო წეს-ჩვეულების შესასრულებლად იყენებდა. მასალა დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში.

ლიტ.: Векуа А. К., Тушабрамишвили Д. М., Уникальная культовая пещера, წგ.: Изучение пещер Колхиды, Тб., 1978; Любин В. П., Палеолит Кавказа, წგ.: Палеолит Кавказа и Северной Азии, Л., 1989; Тушабрамишвили Д. М., Векуа А. К., Палеолит в Грузии, წგ.: Четвертичная система Грузии, Тб., 1982.

ნ. თუშაბრამიშვილი