გრიგორ დარანაღცი

გრიგორ დარანაღცი, გრიგოლ  დარაღანელი (კამახელი) (1576, სოფ. კამახი, არზრუმის მახლობლად, ახლანდ. თურქეთი, – 1643, როდოსთო, ბულგარეთი), სომეხი ისტორიკოსი.

განათლების მისაღებად, სამოღვაწეოდ თუ თავშესაფრის ძიებაში მოიარა ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქვეყანა. მის თხზულებათაგან აღსანიშნავია „ჟამთააღმწერლობა", რ-იც მოიცავს 1018–1640 ამბებს. თხზულების I ნაწილში მოკლედ არის გადმოცემული სელჩუკთა და ოსმალთა ისტორია 1595- მდე, II ნაწილში დაწვრილებით არის მოთხრობილი ოსმალთა იმპერიის ისტორია (1595–1640) მეჰმედ III-იდან მურად IV-მდე. მასვე ეკუთვნის ამავე პერიოდის სომეხთა საკათოლიკოსოების ისტორია.

„ჟამთააღმწერლობაში" არის ცნობები საქართველოს შესახებ. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ცნობა ქართლის მეფე სიმონ I-ის ოსმალთა ტყვეობაში ყოფნის შესახებ. გ. დ. ამ ამბების მომსწრე ყოფილა, თვითონ უნახავს სიმონ მეფე იედიყულეს ციხეში.

ზ. ალექსიძე