ზედგენიძეები, ზევდგინიძეები, ფეოდალური საგვარეულო აღმ. საქართველოში. ზ. XIV ს. I ნახევარში დამკვიდრდნენ მდ-ების რეხისა და მეჯუდის მიმდებარე ტერიტორიაზე. XIV ს. 80–90-იან წლებში სამეფო კარის ერთგულებისათვის (იხ. თ. ზევდგინიძე) საგვარეულო საძვალედ მიიღეს შიომღვიმე. ალექსანდრე I-მა ზ-ს დაუმტკიცა გორის მოურაობა, ამილახვრობა და სოფლები – კასპი, გომი, ნადარბაზევი – ყმა-მამულებით. პირველი ამილახვარი იყო თაყა ჯანიბეგის ძე ზევდგინიძე. აქედან მომდინარეობს ამილახვართა გვარი და სათავადო საამილახვრო.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955.
მ. ქიქოძე