ზედგინიძე ავთანდილ ალექსანდრეს ძე (დ. 8. X. 1938, სოფ. კოთელია, ახლანდ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1993). 1967 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის სატყეო-სამეურნეო ფაკ-ტი. 1974–82 მუშაობდა თსუ-ში საინჟ.-ეკონ., ხოლო შემდეგ სახ. მეურნეობის დაგეგმვის ფაკ-ტებზე. 1982-იდან იყო საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის (ახლანდ. საქართვ. სახელმწ. აგრარული უნ-ტი) სატყეო ეკონომიკის, ორგანიზაციისა და ტაქსაცია-ტყეთმოწყობის კათედრის თანამშრომელი, პროფესორი (1993-იდან); 2006-იდან კი – ამავე უნ-ტის სატყეო დეპარტამენტის პროფესორი. მისი კვლევის ძირითადი სფეროა სატყეო და სოფ. მეურნეობის დარგების ინტეგრაციის განვითარების ძირითადი მიმართულებები საბაზრო ეკონომიკის პირობებში. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი.
თხზ.: ტყის მავნებელთა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ეკონომიკური ეფექტიანობის განსაზღვრა, თბ., 1975 (თანაავტ.); ნაძვის დიდი ლაფანჭამიის წინააღმდეგ ბრძოლის ეკონომიკური ეფექტიანობის ანალიზი, თბ., 1976 (თანაავტ.); აგროსამრეწველო კომპლექსში სატყეო მეურნეობის წარმოების გაძღოლის საფუძვლები, თბ., 1988.