ზედგინიძე ელიზბარ კონსტანტინეს ძე [10(23). XI.1903, თბილისი, – 7. X. 1983, იქვე], მწერალი. 1910–17 სწავლობდა თბილ. ქართ. გიმნაზიაში, 1927–31 – თსუ-ის ფილოლ. ფაკტ-ზე. 1928–29 თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრის ორგანიზატორი და პირველი დირექტორი იყო. წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო 1923, როდესაც გაზ. „სპარტაკსა” და ჟურნ. „მომავალში” გამოაქვეყნა მოთხრობები. მოთხრობათა პირველი წიგნი „ვერცხლის ქამარი” 1927 გამოიცა. მას მოჰყვა წიგნები: „რკინის ძმები” (1930), „შორეული ცის ქვეშ” (1937), „დაუვიწყარი ზაფხული” (1952), „ოქროს თუმნიანი” (1959), „თავდადებულნი” (1976). ზ. ავტორია რამდენიმე რომანისა: „იღვიძებენ მთები” (1934), „განთიადის წინ” (1941, შემდგომ ეწოდა „მზის ამოსვლამდე”, 1954, 1960), „გაზაფხული დაიწყო ადრე” (წგ. 1–2, 1963–67), „უბატონო ქვეყანა” (1975). მასვე ეკუთვნის პიესები: „მაღაროში მომუშავენი” (1924), „ბნელი ძალები” (1928); ნარკვევების კრებულები: „გუგუნი გვირაბებში” (1931), „გიგანტის მშენებლები” (1932), „დღეები ჭიათურაში” (1932); საბავშვო მოთხრობები, ისტ. ნოველები, დოკუმენტური მოთხრობა, ციკლები ძვ. თბილ. ცხოვრებასა და ქართვ. კლასიკოსებზე. მისი თხზულებები თარგმნილია უცხ. ენებზე.
თხზ.: რჩეული, თბ., 1956; რჩეული ორ ტომად, თბ., 1971–73; გაზაფხული დაიწყო ადრე. რომანი. – მოთხრობები და ნარკვევები, თბ., 1967.
რ. კვერენჩხილაძე