ზედგინიძე ივანე ალექსანდრეს ძე

ზედგინიძე ივანე (ვანო) ალექსანდრეს ძე (დ. 31. VII. 1929, სოფ. კოთელია, ახლანდ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი), აგრონომი. სოფლის მეურნეობის მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1997). 1954 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგრონომიული ფაკ-ტი. 1954–56 მუშაობდა საქართვ. მემინდვრეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, 1958–60 – საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში; 1962–79 იყო საქართვ. მცენარეთა დაცვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ბიოფიზიკის განყ-ბის სპეც. ლაბორატორიის გამგე, 1979–82 – საქართვ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სას.-სამ. რადიოლოგიის კვლევითი ლაბორ. რადიოგამძლეობის განყ-ბის გამგე. 1983–98 ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას საქართვ. აგრ. უნ-ტში გენეტიკისა და სელექცია-მეთესლეობის კათედრაზე. 1998–2006 იყო ამავე ინ-ტის მემცენარეობის კათედრის გამგე, 2006–10 – აგროტექნოლოგიის დეპარტამენტის კონსულტანტი. 2011-იდან მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ სას.-სამ. კულტურების ჯიშთა გამოცდის სამსახურში. ზ-ის კვლევის მიზანია მაიონიზებელი გამოსხივების გავლენის დადგენა სტრატეგიული კულტურების (ხორბალი, კარტოფილი) სამეურნეო-ბიოლ. თვისებებზე, დაავადებათა მიმართ გამძლეობასა და მათი გამომწვევების პათოგენობაზე. ზ-ის ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად განხორციელდა უნიკალური ექსპერიმენტი – მიწისზედა ბირთვული აფეთქების მოდელირება, რის შედეგადაც ზ-მ დაადგინა მცენარის ცალკეული ორგანოების რადიონუკლიდებით დანაგვიანების დოზები და მათი ბიოლ. ეფექტი, გამოავლინა რადიაციისადმი შედარებით გამძლე ხორბლის სახეობები და ჯიშები, შეისწავლა რადიაციის სხვადასხვა ფონზე მასპინძელ მცენარესა და მის პათოგენს შორის ურთიერთგავლენის კანონზომიერება, ასევე პარაზიტის ქცევები, დაამუშავა შესაბამისი ინსტრუქციები. ზ. მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999). 

თხზ.: მემცენარეობა თესლმცოდნეობის საფუძვლებით, თბ., 2009.