„თბილისის ქაღალდის ფაბრიკა”

„თბილისის ქაღალდის ფაბრიკა” (სააქციო საზოგადოება), ქაღალდის მწარმოებელი საწარმო. მდებარეობს თბილისში, ისანისამგორის რ-ნში. დაარსდა 1935. ამზადებდა საკოლოფე, შპალერის ქვეშ გასაკრავ (დუბლაჟს), სამუშტუკე, გასანთლულ (უშვებდა II მსოფლიო ომის დროს) ქაღალდს, ასევე – ქაღალდს, ხელსახოცისა და ერთჯერადი თეფშებისათვის და წყალგაუმტარ მუყაოს. 1972 ჩატარდა ფ-კის რეკონსტრუქცია, 1980 კი დაინერგა ტექნოლ. დანადგარების მართვის თანამედროვე სისტემები ნახევარგამტარული ტექნოლ. გამოყენებით (ტრანზისტორების, ტირისტორების და სხვა თანამედროვე ნახევარგამტარული ტექ. ელემენტებით). 1996-იდან საწარმო სააქციო საზ-ბად ჩამოყალიბდა. საპროექტო სიმძლავრეა 800 ტ ქაღალდი წელიწადში. „თ. ქ. ფ.” ამუშავებს ადგილ. ნედლეულს (მაკულატურას), რისგანაც ამზადებს საგოფრე, რუბეროიდისა და სატომრე ქაღალდს, აგრეთვე გოფრირებულ მუყაოს ყუთებს. გამოშვებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც – სომხეთსა და აზერბაიჯანში.