ზევახი, ჯავახი, ქართლის ერისთავი (პიტიახში) II ს. 30–50-იან წლებში, მეფე ფარსმან II-ის დროს. მოხსენიებულია არმაზის ბილინგვაში, როგორც უდროოდ გარდაცვლილი სერაფიტის მამა. არმაზისხევში აღმოჩენილია მდიდრული სამარხი, რ-იც თვით ზ-ს ეკუთვნოდა. უამრავ ძვირფას ნივთს შორის სამარხში აღმოჩნდა ოქროს სარტყელი, რ-ის ერთ-ერთი ბალთის თვალზე ამოკვეთილია ახალგაზრდა ქალ-ვაჟის გამოსახულება გარსშემოვლებული წარწერით: „ჯავახ სიცოცხლეა ჩემი კარპაკ”. ზ-ს მოიხსენებენ აგრეთვე არმაზისხევის კიდევ ერთ მდიდრულ, როგორც ჩანს, ქალის სამარხში ნაპოვნ ბეჭდის თვლის წარწერაში.
გ. მელიქიშვილი