ზეთსახდელი

ზეთსახდელი (ძვ. ქართულ წყაროებში – საზეთე) (ეთნოგრ.), სელის ზეთის სახდელი საწარმო, გამართული იყო ქვის შენობაში; შედგებოდა ღუმლისაგან, საზეთე წისქვილისა (გელაზი) და წნეხისაგან. იქვე იყო დამხმარე ხელსაწყოებიც (საცრები, ლასტები, ხის კუნძები, მარცვლისა და წყლის საწყაოები, გამწევი ძალის უღლები, წყლის ჭურჭელი და სხვ.). ქვით ნაგები ღუმელი ზ-ის კედელთან იყო მიშენებული. ღუმელზე მარცვალს ხალავდნენ. წისქვილი ნაგებობის ცენტრში იყო გამართული და სალეწი „კალოსა” და დოლაბისაგან შედგებოდა. მისი დანიშნულება იყო მოხალული მარცვლის დაფქვა-დაგელაზება და დასაწნეხი ქუმელის შემზადება. წნეხი შედგებოდა საწნეხი ძელებისა (ხრახნითურთ) და საქუმელე გეჯისაგან. ზ-ები საქართველოში საზეთე სელის ზონაში (უმთავრესად მესხეთ-ჯავახეთსა და თრიალეთში) იყო გავრცელებული. წყაროების მიხედვით, ქართ. საეკლ. კერებს საკუთარი ზ-ები ჰქონდათ. XIX ს-ში ზოგ ზეთსახდელ სახელოსნოში დაქირავებულ შრომას იყენებდნენ და ზეთს გასაყიდად ხდიდნენ. მესხეთ-ჯავახეთსა და თრიალეთში ზ-ები XX ს. 40-იან წლებამდე არსებობდა. საზეთე სელის კულტურის მზესუმზირით შეცვლის შემდეგ ზეთის წარმოების ცენტრებმა მზესუმზირის გავრცელების ზონაში – კახეთსა და ქვემო ქართლში გადაინაცვლა.

ლიტ.: მოლოდინი ლ., ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან (ხალხური ზეთსახდელი იარაღები), თბ., 1963; ქურდიანი ი., ნაკაშიძე ე., ზეთოვანი მცენარეები, ტფ., 1935.

ლ. მოლოდინი