ზეინაბ ბეგუმი, ანა ხანუმი (XVI ს. II ნახ. – XVII ს. I ნახ.), შაჰ-თამაზ I-ის (1524–76) ასული, დედით – შალიკაშვილი. შაჰ-ისმაილ II-მ (1576–78) ზ. ბ. ჰერათის მმართველზე ალიყული-ხან შამლუზე დანიშნა, მაგრამ სასიძოს სიკვდილის გამო ქორწინება არ შედგა. ზ. ბ. შაჰ-აბას I-ის მეფობისას (1587–1629) ჰარამხანის უფროსი იყო. ნ. ფალსაფის ცნობით, ზ. ბ. მეფური ჩამომავლობის ქალთაგან ყველაზე მეტად იყო დაახლოებული შაჰთან და სამეფო კარზე დიდი პატივითა და გავლენით სარგებლობდა. ბევრ ისეთ თათბირსა და ლხინში მონაწილეობდა, სადაც მხოლოდ მამაკაცები იკრიბებოდნენ. ირანში მცხოვრები კარმელიტი მისიონერების გადმოცემით, ზ. ბ. დიდი ინტელექტის მქონე, ძალზე დაფასებული ყოფილა შაჰ-აბასის მიერ და მას სამხ. ლაშქრობებშიც კი თან ახლდა. ზ. ბ-მა ხელი შეუწყო ირან-ოსმალეთის 1612 საზავო ხელშეკრულების დადებას, რ-შიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართვ.დიპლომატი ქალი გულჩარა.
ლიტ.: სვანიძე მ., ქართველი ქალები შაჰ აბას I-ის კარზე, წგ.: საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები, თბ., 1990.
მ. სვანიძე