ზეინალ აბიდინ ალი

ზეინალ აბიდინ ალი, XVI ს. II ნახ. სპარსულენოვანი ისტორიკოსი. ავტორი თხზულებისა „თაქმილათ ალ-ახბარ” („დამატება ცნობებისა”), რ-იც მიძღვნილია ახალგაზრდა შაჰ-თამაზ I-ის (1524–76) და შირვანშაჰ ჰალილულაჰ II-ის (1524–35) ცოლის ფერიხან-ხანუმისადმი. თხზულება მსოფლიო ისტ. ტიპისაა, მისი პირველი ნაწილი მოიცავს სეფიანი შაჰების ისმაილ I-ის (1501–24) და თამაზ I-ის ზეობის ისტორიას 1560/61-მდე. თხზულებაში არის ცნობა 1521 საქართველოში დივსულთნის ლაშქრობის, შაჰ-ისმაილ I-ის კარზე ლევან კახთა მეფის, დავით ქართლის მეფის და სამცხის მთავრის ყვარყვარეს ყოფნის შესახებ.

ლიტ.: Эфендиев О. А., Образование Азербайджанскოго государства Сефевидов в начале ХVI века, Баку, 1961.

დ. კაციტაძე