ზემელი

ზემელი, XIX ს. თბილისის ერთ-ერთი მიკროუბანი (ახლანდ. რუსთაველის მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტ.). სახელი შეერქვა აქვე მდებარე აფთიაქის სახელწოდების მიხედვით, რ-იც 1890 ოლღას (ახლანდ. მ. კოსტავას) ქუჩისა და ვერის დაღმართის კუთხეში გახსნა წარმოშობით გერმანელმა, პეტერბურგის უნ-ტის ფარმაკ. განყ-ბის კურსდამთავრებულმა, პროვიზორ-აფთიაქარმა ევგენი იაკობის-ძე ზემელმა (თვით აფთიაქარიც იმავე სახლში ცხოვრობდა). XX ს. 30-იან წლებში მოედნის გაფართოებასთან დაკავშირებით აფთიაქი აიღეს. მოგვიანებით ამავე ადგილზე იდგა სხვა აფთიაქი, რ-საც ტრადიციით კვლავ ზ-ის აფთიაქს უწოდებდნენ. 1983, რუსთაველის მოედნის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, ეს აფთიაქიც აიღეს. მიკროუბანს ხალხი დღემდე ამ სახელით მოიხსენიებს.

თ. ბერიძე