ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა, საინჟინრო ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში. სარწყავი სისტემა დააპროექტა საპროექტო ინ-ტმა „საქწყალპროექტმა” 1964. 1965 დაიწყო მშენებლობა, რ-ის პირველი რიგი ექსპლუატაციაში შევიდა 1979. სარწყავი სისტემის მთავარი სათავე ნაგებობა აშენებულია მდ. ალაზანზე, სოფ. დუისთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი) და უზრუნველყოფს მდინარიდან სარწყავი წყლის აღებას (24 მ³/წმ), რ-იც მაგისტრალური არხის (სიგრძე 89,2 კმ) მეშვეობით მიედინება ალაზნის ვაკესა და ივრის ზეგანზე. სისტემის დამატებითი კვებისათვის მდ. ილტოზე (ალაზნის მარჯვ. შენაკადი) აშენებულია დაბალწნევიანი კაშხალი, რ-იც მაგისტრალურ არხს მე-18-ე კმ-ზე (ქ. ახმეტასთან) დამატებით აწვდის (6 მ 3/წმ) წყალს. ზემო ალაზნის მაგისტრალური არხი გადის პანკისის ქედის აღმ. კალთის ძირში, შემდეგ მიუყვება გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. მთისწინეთს მდ. ფაფრისხევამდე. რთულმა რელიეფურმა პირობებმა განაპირობა მსხვილი ჰიდროტექ. ნაგებობების მოწყობის აუცილებლობა, ესენია: 7 გვირაბი (საერთო სიგრძე 13834 მ), 14 გალერეა (7608 მ), 18 დიუკერი (7266 მ) და ა. შ. ზემო ალაზნის მაგისტრალური არხი ალაზნის ვაკის მარჯვ. მხარეზე თვითდინებით რწყავს ახმეტის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების მიწებს (21,8 ათ. ჰა).
ზ. ქაჯაია