ზემო არტანი

ზემო არტანი, სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), მდ. ივრის მარჯვ. ნაპირას, არტნის თემის ცენტრი (სოფლები: ზ. ა., ბოდახევა, დულუზაურები, თეთრაულები, კვერნაულა, ლიშო, სახევი, სხლოვანი, ქვემო არტანი, ქუშხევი), ზ. დ. 1250 მ, თიანეთიდან 14 კმ. 49 მცხ. (2002). სოფლის სასაფლაოზე დგას XVIII ს. მთავარანგელოზთა დარბაზული ეკლესია. ეკლესიის დას. კედელზე დაშენებულია აგურით ნაგები ვიწრო და მაღალი ოთხწახნაგა სამრეკლო. სოფლის ჩრდ.-დას-ით, ტყეში, მდებარეობს ეკლესიის კომპლექსი. განეკუთვნება გვიანდ. შუა საუკუნეებს. კომპლექსში შედის ეკლესია, კოშკი და გალავანი.