გრუზინო

გრუზინო, გრუზინსკაიასლობოდა, ქართველებით დასახლებული უბანი მოსკოვში XVIII ს-ში (ახლანდ. ადმ. დაყოფით კრასნაია პრესნიას რ-ნში შედის). საფუძველი ჩაეყარა პეტრე II-ის 1729 წ. 26 დეკ. ბრძანებულებით, რ-ის მიზანი იყო რუსეთში ემიგრირებული ვახტანგ VI-ის ოჯახისა და მისი ამალის მოსკოვში დასახლება.

1730-იდან იქ დაიწყო ქართველებისათვის საკარმიდამო ნაკვეთების გამოყოფა, სასახლეების, დამხმარე ნაგებობების მშენებლობა. ვახტანგ VI-ის რეზიდენციად იქცა იქვე არსებული ყოფრიაზანის მიტროპოლიტის სასახლე. მის მახლობლად დასახლდნენ და სახლები აიშენეს მეფე ბაქარმა, ვახუშტი ბატონიშვილმა, სიმონ ბატონიშვილმა, დ. გურამიშვილმა, მიტროპოლიტმა რომანოზ ერისთავმა, დეკანოზმა გ. გარსევანიშვილმა და სხვებმა.

30-იანი წლების შუა ხანებში გ-ში ქართველთა დიდი დასახლება ჩამოყალიბდა, რ-იც დოკუმენტებში, პრესაში იხსენიებოდა როგორც „გრუზინსკაია სლობოდა". საჭირო გახდა ქართველთათვის საერთო სალოცავის დაარსება. 1750 გიორგი ბატონიშვილმა (ვახტანგ VI-ის ძე) გ-ს ცენტრში ააგებინა მთავარმოწამე წმ. გიორგის ქართ. სალოცავი (ხისა). ამიერიდან დასახლების ცენტრს (ტაძრის წინა ტერიტორიას) „გიორგის მოედანი" ეწოდა. მოგვიანებით, დასახლება დაყვეს ხაზებად (ქუჩებად).

გ-ში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ვახტანგ VI, მისი ძმა, შვილები, ქართვ. მეფის სასახლის მოხელენი. დღესასწაულების (ქრისტეს შობა, ახალი წელი, აღდგომა და ა. შ.) დროს იქ იმართებოდა საზეიმო შეხვედრები, მგოსანთა გაბაასება, ბურთაობა, მხედართა შეჯიბრი. 1730 „ივანობის დღეობაზე" ვახუშტი ბატონიშვილმა მოაწყო ჯირითი, რ-საც ესწრებოდნენ რუს. იმპერატორი, საიმპერატორო კარის წარმომადგენლები, გენერალიტეტი, რუსეთში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები, რუსი და უცხოელი მეცნიერები, მოგზაურები.

გ. ქართ. კულტურის ცნობილ კერად იქცა. ვახტანგ VI-მ იქ დაწერა ორიგინ. ლექსების ციკლი. ვახუშტი ბატონიშვილმა შექმნა საქართველოსა და კავკასიის რუკები, დასაბეჭდად მოამზადა „დაბადების" (ბიბლიის) ტექსტი, 1745 დაასრულა „აღწერა სამეფოსა საქართველოსა", თარგმნა რამდენიმე ძეგლიც (ს. იავორსკის „კლდე სარწმუნოების" და სხვ.). რომანოზ ერისთავმა დაწერა თავისი „წინწილი ღაღადებისა", დ. გურამიშვილმა შეთხზა მრავალი ლირ. ლექსი, რ-ებიც შემდეგ „დავითიანში" გააერთიანა. გ-ში გადაიწერა მ. ბარათაშვილის პოეტიკის სახელმძღვანელო „ჭაშნიკი". იქვე გადაინუსხა თარგმნილი რომანი „ალექსანდრიანი" და ისტ. თხზულება „ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრება", აგრეთვე მსოფლიო ისტორია – „ქრონოგრაფი", მაჩაბლისეული „ქართლის ცხოვრება", ულუღ-ბეგის ცნობილი „ზიჯი", არტილერიის სახელმძღვანელო. გ-ში ითარგმნა თ. პროკოპოვიჩის „პირველ სასწავლო ყრმათა", არითმეტიკა-გეომეტრიის სახელმძღვანელო და ა. შ.

200 წელზე მეტი ხნის მანძილზე ქართველთა ამ მიდამოებში ცხოვრების მრავალი საბუთია შემორჩენილი: ბაგრატიონთა სასახლის ნაშთები, მთავარმოწამე წმ. გიორგის ქვის დიდი ტაძარი (XVIII–XIX სს.), ტოპონიმები: „გრუზინო", „გრუზინსკაია სლობოდა", „გეორგიევსკაია პლოშჩად", „ბოლშაია გრუზინსკაია", „მალაია გრუზინსკაია", „გრუზინსკი ვალ", „გრუზინსკი პერეულოკ" და ა. შ.

მოსკ. განაშენიანების გეგმის შედგენის წინ ქალაქის ძვ. დაგეგმარების შესწავლისას გაირკვა, რომ დასახლების შუაგულში, „ბოლშაია გრუზინსკაიას" ქუჩაზე არსებულ ბაღის ტერიტორიაზე, სადაც დღეს შოთა რუსთაველის ძეგლი დგას, ქართ. მოსახლეობის ეზოები იყო. ძეგლიდან დას-ით, ბაღის გადაღმა, კუთხის ორსართულიანი სახლი, როგორც ირკვევა, ვახუშტი ბატონიშვილის სახლის ნაწილია. მისი ქვედა სართული აგურით, ხოლო ზედა – ხის მორებითაა ნაშენი. სკვერის ჩრდით, ქუჩის გადაღმა, სიღრმეში, ოთხსართულიანი სახლის პირველ სართულში ძვ. შენობის ნაშთია ჩართული. ადგილ. მცხოვრებთა გადმოცემით, ეს არის „ქართველების მეფის სახლიდან" დარჩენილი აგურის სართული, რ-საც ხის მეორე სართული მოხსნეს და აგურის სამი სართული დააშენეს.

„ბოლშაია გრუზინსკაიაზე",№5 ბ-ში დგას აგრეთვე ქორედი (მეზონინიანი) სახლი, რ-იც ძვ. თბილისური სახლების მსგავსია (კიბის რიკულების გამართვა, ფორმა, სადარბაზოს კარის მხატვრული გაფორმება და სხვ.). შესწავლამ დაადასტურა, რომ ეს სახლი არანაკლებ 270 წლისაა და ერთ-ერთი პირველი ნაგებობაა გ-ში. საბუთების მიხედვით იგი ვახტანგ VI-ის ძის ბაქარის ნაკვეთზე მდებარეობს.

ლიტ.: სიხარულიძე ფრ., პრესნია – ქართველთა უბანი მოსკოვში, «მნათობი», 1982, №7; მისივე, ქართველთა დასახლება მოსკოვს XVII– XVIII სს., «საბჭოთა ხელოვნება», 1982, №1; მოსკოვის ქართული კულტურის ცენტრის ისტორიიდან, თბ., 1989; ცინცაძე ვ., „გრუზინოს" გეგმარების დახასიათებისათვის, «ძეგლის მეგობარი», 1984, № 65.

ფ. სიხარულიძე

ვ. ცინცაძე