ზემო კოდისწყარო

ზემო კოდისწყარო, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ალევის ქედის სამხრ. დაბოლოებაზე. ზ. დ. 870 მ, დუშეთიდან 17 კმ. მცხეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 21 კმ. 53 მცხ. (2002). ზ. კ. პირველად მოხსენიებულია 1433 შიომღვიმის მონასტრისადმი მიძღვნილ თაყა ზედგინიძის შეწირულობის სიგელში, რ-ის თანახმად სოფელს საკმაოდ განვითარებული მეურნეობა ჰქონია. მონღოლთა შემოსევის დროს გაპარტახებულა. XVI ს-ში ზედგინიძეთა მცდელობით ისევ აღორძინებულა. სოფელი ქსნისა და არაგვის საერისთაოთა საზღვარზე მდებარეობდა და მუდმივი ქიშპის საგანი იყო. XVII ს-ში ზ. კ. ამილახვართა გავლენას დამორჩილდა. XVIII ს-ში, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, სამუხრანბატონო სოფელია და წილკნის საეპისკოპოსოში შედის. სოფელში დგას გვიანდ. შუა საუკუნეების წმ. ბარბარეს დარბაზული ეკლესია და კიდევ ერთი უსახელო შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. ზ. კ-დან დას-ით მდებარეობს სასახლის კომპლექსი, რ-შიც შედის სასახლე, კოშკი, ეკლესია და რამდენიმე გაურკვეველი შენობის ნაშთი, თარიღდება XVI ს-ით.