ზემო ოროზმანი, სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტის ქვემო ოროზმანის თემში (ქვემო ქართლის მხარე), დმანისის პლატოზე. ზ. დ. 1270 მ, დმანისიდან 5 კმ. 901 მცხ. (2002). ზ. ო-ში შემორჩენილია XII–XIII სს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – ერთნავიანი მომცრო ეკლესია. ეკლესია დგას შემაღლებულ კლდეზე. კლდეში გამოკვეთილი დარანიდან ერთი გვირაბი თვით ეკლესიაში ადის, მეორე – მოშორებით, მაღალ მთაზე. ეკლესიის გარშემო, სასაფლაოზე ქართულწარწერიანი საფლავის ქვებია.
ლიტ.: მუსხელიშვილი ლ., არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში, თბ., 1941.
დ. ბერძენიშვილი