ზემო რეხა, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ბერბუკის თემში (შიდა ქართლის მხარე), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. ნაწილი), მდ. მეჯუდის (ლიახვის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 640 მ, გორიდან 5 კმ. 338 მცხ. (2002). ზ. რ. ადრე არსებული სოფ. რეხის ძვ. ნაწილს ეწოდება. 1865 ზ. რ. შედიოდა გორის უბნის თორტიზის სასოფლო თემში, სადაც ცხოვრობდა 17 კომლი. სოფელში დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი XVIII ს. ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია. ეკლესიის გარშემო, ეზოში, ჩაფლულია ქვევრები, რ-ებსაც შემოდგომაზე ღვინით ავსებდნენ და „ღვთისმშობლის საზედაშეს” უწოდებდნენ. ინახავდნენ აღდგომამდე, რ-ის შემდეგ აქ იმართებოდა ხატობა – „კვირაცხოვლობა”. ქვევრის პატრონები ამ ღვინით მლოცველებს უმასპინძლდებოდნენ.
ლიტ.: მაკალათია ს., ლიახვის ხეობა, თბ., 1971.