ზემო უბანი

ზემო უბანი, თბილისის ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, კალის ნაწილი. სახელწ. “ზემო უბანი” მომდინარეობს კალის ცენტრ. არტერიის – შუა ბაზრის (შემდგომში სომხის ბაზრის, ახლანდ. კ. აფხაზის ქუჩა) მარცხნივ ან კიდევ მტკვრის დინების მიხედვით ზემო მდებარეობის გამო, ქვემო უბნის საპირისპიროდ. ზ. უ. შემოსაზღვრული იყო ახლანდ. კ. აფხაზის ქუჩით, მტკვრის კალაპოტით და ნ. ბარათაშვილის ქუჩით. ზ. უ-ის ისტ. ცენტრია ზემო მოედანი (იგივე ბატონის მოედანი, ახლანდ. ერეკლე II-ის მოედანი). ზ. უ. იყოფოდა მიკროუბნებად, რ-თაც სახელები ერქმეოდათ ეკლესიის, მნიშვნელოვანი ნაგებობის ან მაცხოვრებელთა მიხედვით; მაგ., ანჩისხატის უბანი, სიონის უბანი, ორბელიანების ახ. უბანი, კვირაცხოვლის ქუჩა (კვირაცხოვლის ეკლესიის მიხედვით, ახლანდ. ნ. და ი. ნაკაშიძეების ქუჩა) და სხვ. გვიანდ. შუა საუკუნეებში ზ. უ-ში სასახლეები ჰქონდათ მეფეებს, ფეოდ. არისტოკრატიას, უმაღლეს სამღვდელოებას. აქვე იყო ქალაქის ერთ-ერთი საქმიანი ცენტრი – რასტაბაზარი, სხვა სავაჭრო-სახელოსნო რიგები, ქარვასლები.

მ. ბერძნიშვილი