„ენერგო-პრო ჯორჯია“ (სააქციო საზოგადოება), საქართველოს ერთ-ერთი დიდი ენერგოკომპანია. არის შვილობილი საწარმო ჩეხური კომპანია Energo Pro-სი, რ-მაც 2006 წ. გაიმარჯვა საქართვ. ენერგეტ. მსხვილი ობიექტების საპრივატიზაციო კონკურსში. ქართ. ენერგობაზარზე ოფიციალურად საქმიანობს 2007 წ. 18 მაისიდან. ფლობს ქვეყნის აღმ. და დას. ნაწილში ელექტროენერგიის განაწილების ქსელს (თბილ. და კახეთის გარდა), აგრეთვე 15 ელექტროსადგურს (რიონჰესი, ჯიფაური, შაორჰესი, გუმათჰესების კასკადი, ლაჯანურჰესი, აწჰესი, ძევრულჰესი, საცხენისჰესი, ორთაჭალჰესი, ჩითახევჰესი და სხვ.). ემსახურება 47265 კვ.კმ ტერიტორიაზე 1 მლნ-ზე მეტ აბონენტს (2013 წ. მონაცემებით). წლიურად ანაწილებს 3,6 მლრდ. კვტ.სთ ელექტროენერგიას. ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრეა 396,3 მეგვტ, საშუალო წლიური გამომუშავება – 1782 მლნ. კვტ. სთ (2013). კომპანიის გამართული მუშაობა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სტაბილურ ელექტრომომარაგებას. მისი ელექტროგამანაწილებელი მეურნეობა წარმოადგენს დიდ და რთულ სისტემას. იგი ელექტროენერგიას აწვდის საქართველოს 47 მუნიციპალიტეტის, დიდი და პატარა ლიახვის ხეობების, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის და აჭარის ავტ. რესპუბლიკის ადმ.-ტერიტ. საზღვრებში არსებულ მომხმარებლებს. მასზე მოდის ელექტროენერგიის განაწილების 46,4% (2012 წ.). კომპანია ფლობს: ელექტროგადამცემ ხაზებს საერთო სიგრძით 49675,05 კმ; ქვესადგურებს – საერთო სიმძლავრით 8199,81 მეგვ. ა. 2012 წ. მან გაანაწილა 3614,3 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგია.
დ. ჩომახიძე