ენვერ-ფაშა (Enver Paşa) (22. XI. 1881 – 4. VIII. 1922), ოსმალეთის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, გენერალი. „ერთიანობა და პროგრესის" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. აქტ. მონაწილეობა მიიღო 1908 ახალგაზრდა თურქთა რევოლუციაში. 1913 განახორციელა სახელმწ. გადატრიალება და გახდა მმართველი ტრიუმვირატის (ე.-ფ., თალათ-ფაშა და ჯემალ-ფაშა) ყველაზე გავლენიანი წევრი, პანთურქიზმისა და პანისლამიზმის იდეოლოგიის მთავარი გამტარებელი. მისი ინიციატივით 1914 დაიდო სამხ. კავშირი გერმანიასა და ოსმალეთს შორის. I მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის ფაქტობრივი დიქტატორი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე იყო. გადაწყვიტა განეხორციელებინა კავკასიის, ვოლგისპირეთისა და შუა აზიის დაპყრობის (დიდი თურანის შექმნის) გეგმა, ამ მიზნით მან გააძლიერა თურქეთის მე-3 არმია, პირადად ჩაუდგა სათავეში და 1914 ნოემბერში შეტევაზე გადავიდა კავკ. მიმართულებით, მაგრამ დამარცხდა (იხ. სარიყამიშის ოპერაცია 1914–15). 1914 ე.-ფ-მ სტამბოლში მოლაპარაკება გამართა ლ. კერესელიძესთან რუსეთის წინააღმდეგ საიდუმლო ხელშეკრულების დასადებად. 1917 რუს. რევოლუციის შემდეგ. ე.-ფ. განსაკუთრებით გააქტიურდა. 1918 ივნისში ბათუმში ჩავიდა და იქიდან ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის ქვეყნებში ინტერვენციას, რის შედეგადაც ოსმალებმა მიიტაცეს სამხრ. საქართველო და ბაქო. I მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ მან მუდროსში ხელი მოაწერა ანტანტის ქვეყნებთან კაპიტულაციის აქტს (იხ. მუდროსის დაზავება 1918). შემდეგ გერმანიაში გაიქცა, იქიდან – საბჭ. რუსეთში და სცადა მუსტაფა ქემალ-ფაშის წინააღმდეგ ბრძოლის გაჩაღება, მაგრამ უშედეგოდ. 1921 ე.-ფ. ჩავიდა ბათუმში, სადაც ჩაატარა თავის მომხრეთა საიდუმლო კონფერენცია და შეიმუშავა მუსტაფა ქემალ-ფაშის დამხობის გეგმა, თუმცა ეს წამოწყებაც ჩაიშალა. 1921 ნოემბერში ე.-ფ. ბუხარაში გაიქცა და სათავეში ჩაუდგა ბასმაჩების რაზმებს, მოკლეს წითელი არმიის ნაწილებთან შეტაკებისას.
ლიტ.: გიგინეიშვილი ო., თურქიზმი და ოსმალეთის საგარეო პოლიტიკა, თბ., 1961; სვანიძე მ., 1914 წ. ოსმალეთსა და „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტს" შორის დადებული საიდუმლო ხელშეკრულება, კრ.: ქართული დიპლომატია. წელიწდეული, [ტ.] 2, თბ., 1995.
მ. სვანიძე