ენისელი

ენისელი (ისტ. ელისენი), სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), მდ. ინწობის (ალაზნის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას, თელავი–ყვარლის საავტ. გზაზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 440 მ, ყვარლიდან 19 კმ, თელავიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 21 კმ. 1,9 ათ. მცხ. (2002).

1328 ალექსანდრემ მცხეთის სვეტიცხოველს განუახლა ე-ში მოსახლე ურია და სომეხი ვაჭრების შეწირულება. 1577 ენისელთ მოურავი იყო დავით ჯორჯაძე. 1580 ე-ში მოსახლე სააბრეშუმე გლეხები იესე მეფემ სიაოშ სააკაძეს უბოძა. შემდგომ საუკუნეებშიც ე. სამეფო-სახასო სოფელი იყო. იგი იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილთან. 1767 საბუთით ერეკლე II-მ ე-ის მოურავ დავითს უწყალობა სვიმონიშვილის მამული გვერდისძირში. 1796 წყალობის წიგნით იულონ ბატონიშვილმა შიო სიდამონიძეს უბოძა მიწა, რ-საც საზღვრავს ე-ის მოურავის ზვარი. 1801 და 1804 წლების აღწერით ე. გრემის გვერდით იხსენიება, XIX ს-ში შედიოდა თელავის მაზრის ყვარლის უბანში. ე-სა და მის მიდამოებში შუა საუკუნეების რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლია. მათ შორის საყურადღებოა ნასოფლარ შიხიანის აღდგომის ეკლესიის კომპლექსი.

ლიტ.: გვასალია ჯ., თოდრია თ., გვიანფეოდალური ხანის კახეთის სამეფოს პოლიტიკური საზღვრები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1971, [ტ.] 4.

ჯ. გვასალია

პ. ზაქარაია