ზემო ქლივანა, სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტის ღრომის თემში (შიდა ქართლის მხარე). ზ. დ. 1230 მ, ერედვიდან 32 კმ. 9 მცხ. (1989). სოფლის მახლობლად დგას XIII–XIV სს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – სამნავიანი ბაზილიკა. ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვით. თაღები და გადახურვა აგურითაა ამოყვანილი. ინტერიერი ბოძების ორი წყვილით დაყოფილია სამ ნავად. შუა ნავი, რ-იც აფსიდით მთავრდება, მაღალია და ვიწრო, ასევე ვიწროა მასზე ბევრად დაბალი გვერდის ნავებიც, რ-თა აღმ. მონაკვეთში ორ სართულად განლაგებულია მცირე სათავსები. ბოძების იმპოსტები პროფილირებულია. შუა ნავის აღმ. და დას. კედლებში გაჭრილი ვიწრო და ძალიან მაღალი სარკმლები ხაზს უსვამს მის მოხდენილ პროპორციებს. ფასადების მორთულობა ძუნწია; მხოლოდ აღმ. და დას. სარკმლებს აქვს ფართო პროფილირებული საპირეები. დას. კარის მომწვანო-მოყვითალო ტიმპანის ქვაზე გამოხატულია წრეში მოქცეული ბოლოებგაფართოებული რელიეფური ჯვარი. ფასადები მთავრდება პროფილირებული კარნიზებით. ეკლესია შიგნით მოხატული იყო, ფრაგმენტი შემორჩენილია აღმ. სარკმლის ღიობში.
ლიტ.: Меписашвили Р., Цинцадзе В., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – Шида-Картли, Тб., 1975.
რ. მეფისაშვილი
ვ. ცინცაძე