ენუქიძე რუსუდან ივანეს ასული (დ. 23. VI. 1933, თბილისი), ფილოლოგი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1993), საქართვ. დამს. არტისტი (1963). დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი ინგლისური ენისა და ლიტ-რის სპეციალობით (1957). იყო საქართვ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლის სოლისტი და თარჯიმანი (1957–64). 1964-იდან თსუ-ის ინგლ. ფილოლ. კათედრის თანამშრომელია, 1992–2006 იყო ამავე კათედრის გამგე, 2006–09 – ინგლისური ფილოლ. მიმართულების ხელმძღვანელი. 2009 ე-ს მიენიჭა პროფ.-ემერიტუსის სტატუსი. იკვლევს ტექსტის ლინგვისტიკის პრობლემებს, მხატვრული ტექსტის პროცესუალურ-დინამ. ასპექტს. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2002), 2010 დაჯილდოვდა ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით.
თხზ.: დროულ-სივრცობრივ მიმართებათა ლინგვისტური ორგანიზაცია მხატვრულ ტექსტში, თბ., 1984; ლინგვისტური პრაგმატიკა და მხატვრული ტექსტის პროცესუალობა, თბ., 1990; Художественный хронотоп и его лингвистическая организация, Тб., 1987; Business English for Students, Tb., 2005 (თანაავტ.).