ზესტაფონი

ზესტაფონი, ქალაქი (1926-იდან) დას. საქართველოში (იმერეთის მხარე), ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმ. ნაწილში, იმერეთის დაბლობზე, მდ. ყვირილის ორივე ნაპირზე, იქ, სადაც დაბლობი გორაკ-ბორცვებში გადადის. სარკინიგზო და საავტ. გზების კვანძი. ზ. დ. 160 მ, თბილისიდან 197 კმ. 24,2 ათ. მცხ. (2002). ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 13,9ºC, იანვ. საშ. ტემპ-რა 3,7ºC, აგვ. 23,9ºC; აბსოლ. მინ. –20ºC, აბსოლ. მაქს. 42ºC. ნალექები 1300 მმ წელიწადში. ზ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI ს. 60-იან წლებში. სახელწოდება „ზესტაფონი” გადმოცემის თანახმად, წარმოდგება ზედა ფონისაგან (მდ. ყვირილაზე). XIX ს. 20-იან წლებში აქ იყო კაზაკთა ჯარის პოსტი – ყვირილის პოსტი და ზ-საც ყვირილა დაერქვა. თბილისი–ფოთის რკინიგზის გაყვანის (1872) შემდეგ აქ ვაგზლის შენობა ააგეს. იმატა მოსახლეობამ. შემდეგში მას კვლავ ზ. დაერქვა. XX ს. 20-იან წლებში მცირე ხნის განმავლობაში ქალაქი ატარებდა რევოლუციონერ ს. ჯუღელის სახელს. ზ. მნიშვნელოვანი სამრეწვ. ცენტრია. ქალაქში არის შავი მეტალ. დიდი საწარმო – ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, აგრეთვე სააქციო საზ-ბა „საქკაბელი”, ღვინის, ხორცპროდუქტებისა და პურის საწარმოები, სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო, სამუსიკო და სპორტ. სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, ბ-კა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, უ. ჩხეიძის სახ. ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი, სამედ. დაწესებულებები. XX ს. დასაწყისამდე ზ. უწესრიგოდ იყო განაშენიანებული 1–2 სართულიანი სახლებით. 1955 შედგა ქალაქის დაგეგმარებისა და რეკონსტრუქციის (არქიტ. ე. ბაგრატიონი, თანაავტორი ვ. გოგიჩაიშვილი), 70-იან წლებში – განაშენიანების (არქიტ. ვ. გოგიჩაიშვილი) პროექტები, შემდგომ მდ. ყვირილის ნაპირზე გაკეთდა ჯებირები, აშენდა მრავალსართულიანი საცხოვრ. სახლები, კეთილმოწყობილი გახდა ქუჩები (ე. ბაგრატიონი).

თ. ბერაძე

ვ. ჯაოშვილი