ზესტაფონის კრება 1892, ქართული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის დამფუძნებელი საერთო კრება. 1892 წ. 25 დეკემბერს (ძვ. სტ.), ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის დაბა ყვირილაში (ზესტაფონი) იოსებ კაკაბაძის ბინაზე არალეგალურად შეიკრიბნენ ე. ნინოშვილი, ნ. ჟორდანია, ნ. ჩხეიძე, ი. რამიშვილი, მ. ცხაკაია, ი. კაკაბაძე, დ. კალანდარიშვილი, რ. კალაძე, ა. წითლიძე, ე. ვაწაძე. შეკრების დასასრულს მათ შეუერთდა ს. ჯიბლაძე. ზ. კ-ის მონაწილენი სოციალ. დოქტრინით იყვნენ გატაცებულნი და ქართვ. ერის უკეთესი მომავლისათვის ბრძოლას ამ მოძღვრებაზე დაყრდნობით აპირებდნენ. ისინი მართალია თავს სოციალისტებად თვლიდნენ, მაგრამ ერთიან იდეურ პლატფორმაზე არ იდგნენ და განიცდიდნენ სოციალ. დოქტრინის სხვადასხვა მიმდინარეობის იდეურ გავლენას. კრების მოწვევამდე რამდენიმე ხნით ადრე ნ. ჟორდანიამ დაწერა და ვარშავაში მყოფ ფ. მახარაძეს გაუგზავნა „ეროვნულ-დემოკრატიული პროგრამის” პროექტი. ეს დოკუმენტი ფ. მახარაძეს უკან აღარ დაუბრუნებია. ვარშავიდან დ. კალანდარიშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილში ფ. მახარაძე იუწყებოდა, რომ ნ. ჟორდანიას პროექტი განიხილა და დაიწუნა ვარშავის ქართვ. სტუდენტთა წრემ, რასაც ადასტურებდა ამავე წრის წევრი მ. მირიანაშვილიც. ამდენად ნ. ჟორდანიას „ეროვნულ-დემოკრატიული პროგრამის” პროექტი ზ. კ-ს არ განუხილავს, რადგან თვით პროექტი ხელთ არ ჰქონდათ. ასეთ ვითარებაში კრებაზე დაიწყო პოლემიკა ქართვ. დემოკრატთა საპროგრამო პრინციპების შესახებ. პოლემიკის შედეგად გამოიკვეთა ორი შეხედულება: რუს. ნაროდნიკული სოციალიზმისა და რუს. ს.-დ. სოციალიზმისა. საპროგრამო პრინციპებში ვერ აისახა დემოკრ. მოთხოვნები და ეროვნ. საკითხი. ეს იმას ნიშნავდა, რომ უპირატესობა რუს. სოციალიზმის საპროგრამო მოთხოვნებს მიეცა. კრებაზე მოხდა ქართ. ს.-დ-ის ორგანიზაციული გაერთიანება – შეიქმნა პირველი საერთო ქართ. ს.-დ. ორგანიზაცია, რ-საც შემდგომში “მესამე დასი” ეწოდა. ზ. კ-ზე პროგრამის საკითხი საბოლოოდ გადაუჭრელი დარჩა, მაგრამ, ს.-დ-თა ორგანიზაციული და იდეური გაერთიანების გზაზე, უთანხმოების მიუხედავად, პირველი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა.
ლიტ.: გურული ვ., ქართული სოციალ-დემოკრატია 1892–1904 წლებში, ნაკვ. 1–2, თბ., 1995; ჟორდანია ნ., რჩეული ნაწერები, თბ., 1990; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970; ხუნდაძე ს., სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში, ტ. 2, ტფ., 1927.
ვ. გურული