ეპარქიული სასწავლებელი

ეპარქიული სასწავლებელი, დაარსდა მცხეთაში 1870 „სასულიერო წოდების ქალთა სასწავლებლის" სახელწოდებით და განკუთვნილი იყო ძირითადად მღვდელთა ქალიშვილებისათვის. 1879 გადმოიტანეს თბილისში და უწოდეს ე. ს. სწავლება ფასიანი იყო. სწავლა მოსამზადებელი განყ-ბის, I, II და III კლასებში ორ-ორ წელს გრძელდებოდა. სასწ. გეგმა შეიცავდა საღვთო სჯულს, კატეხიზმოს (რუს. და ქართ. ენებზე), ეკლესიის ისტორიას, ძვ. და ახ. ქართ. ენას, ძვ. სლავურსა და თანამედროვე რუს. ენებს, რუსეთისა და საქართვ. ისტორიას, გალობას, სუფთა წერასა და ხელსაქმეს. 1899 მიენიჭა იოანიკეს (საქართვ. ეგზარქოსი, სასწავლებლის მცხეთიდან თბილისში გადმოტანის ინიციატორი) სახელი. 1900–01 სასწ. წელს მოსამზადებელი განყ-ბა გაუქმდა, სასწავლებელი 6-წლიანი გახდა. მისი კურსი ქალთა გიმნაზიების კურსს უახლოვდებოდა. 1899 სასწავლებელთან შეიქმნა სანიმუშო სამრევლო სკოლა პედ. პრაქტიკისათვის და ამიერიდან კურსდამთავრებულები შინამასწავლებლად მუშაობის უფლებას იღებდნენ იმ საგნებში, რ-საც წარმატებით აითვისებდნენ, აგრეთვე შეეძლოთ წასულიყვნენ სოფლის სკოლების მასწავლებლად. სასწავლებელში პედ. მოღვაწეობას ეწეოდნენ: კ. კეკელიძე, ვ. ბარნოვი, ი. კარგარეთელი, კ. კაპანელი და სხვ. 1916 ე. ს-ში სწავლობდა 142 მოსწავლე. 1902 კიდევ ერთი ე. ს. გაიხსნა ქუთაისში. ორივე სასწავლებელი დაიხურა 1917.

ვ. გაგუა