ზვანბა სოლომონ თემურყვას ძე

ზვანბა სოლომონ თემურყვას ძე (1809, სოფ. დრანდა, – 25.X. 1855), აფხაზი ისტორიკოსი და ეთნოგრაფი, რუს. არმიის ოფიცერი. 1826 პეტერბურგში სასწავლებლად გააყოლეს აფხ. მთავრის ვაჟს, კონსტანტინეს. 1832 უნტეროფიცრის წოდებით დაამთავრა სამხ. სასწავლებელი. ყირიმის ომში (1853–56) პოლკოვნიკის ჩინით მეთაურობდა №11 შავი ზღვის სახაზო ბატალიონს, რ-მაც თურქებთან ენგურის ბრძოლის დროს მთავარი დარტყმა მიიღო და დაკარგა მეთაური – იგი ბატალიონს კონტრიერიშზე მიუძღოდა. მრავალმხრივი განათლების მქონე ზ. შესანიშნავად იცნობდა აფხ. მოსახლეობას, ბუნებას. 1852–55 გაზეთ „კავკაზში” გამოქვეყნდა მისი რამდენიმე ისტ.-ეთნოგრ. ხასიათის ნაშრომი, კერძოდ, „უბიხთა ზამთრის ლაშქრობები აფხაზეთში”, „აფხაზური მითოლოგია, რელიგ. წარმოდგენები და წეს-ჩვეულებები” და სხვ. ზოგი მათგანი იმავე ხანებში ითარგმნა და გამოქვეყნდა გერმანულად.

თხზ.: Абхазские этнографические этюды, изд. Г. Дзидзария, Сух., 1982.

გ. ანჩაბაძე