ეპიგრაფიკა

ეპიგრაფიკა (<ბერძნ. epigraphē – წარწერა), ისტორიული და ფილოლოგიური დარგის სპეციალური სამეცნიერო დისციპლინა, რ-იც შეისწავლის მაგარ საწერ მასალაზე (ქვა, ლითონი, ძვალი, ხე, კერამიკა, კედლის შელესილობა, აგრეთვე ქსოვილი და სხვ.) შესრულებულ ძვ. წარწერებს. იგი იკვლევს წერილობითი ძეგლის როგორც გარეგან – დამწერლობით – მხარეს (იხ. პალეოგრაფია), ისე მის შინაარსს (ტექსტში დასახელებული ისტ. ფაქტები, პირები, ენობრივი მოვლენები, ტერმინები, ქრონოლოგია; მასში ასახული ონომასტიკური, სარწმუნოებრივი, ეთნოლოგიური და სხვა მონაცემები). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარწერებით გადმოცემული ცნობები, რადგან ისინი მათში ასახული მოვლენების თანადროულია. შემონახულია დამწერლობის მქონე ყველა ხალხის ეპიგრაფიკული ძეგლები. ზოგიერთი ძველი, დღეს არარსებული ხალხის (მაგ., ძვ. ეგვიპტელების, ხეთების, ურარტუელების და სხვ.) ენის, ისტ. და კულტ. შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ მათ მიერ დატოვებული წარწერების მიხედვით. განსაკუთრებით ცნობილია და მეცნიერთა არაერთი თაობის შესწავლის საგანია ბერძნ., ლათ., ეგვ., ხეთური, ასურ., ურარტული, არამ., ძვ. ინდ., ძვ. ჩინ., კოლუმბამდელი ამერ. ხალხებისა და სხვათა წარწერები. შინაარსობრივად ისინი მრავალფეროვანია: საამშენებლო, მემორიალური, იურიდ., ბელეტრისტული, მაგიური, ზომა-წონის აღმნიშვნელი და სხვ. ამიტომ, წარწერებით გადმოცემულ ცნობებს და მათ მონაცემებს, როგორც უაღრესად სანდოს, ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყენებენ ისტორიკოსები და ფილოლოგები. ე-ს, როგორც მეცნიერებას, საფუძველი ჩაეყარა ევროპაში (XIX ს.). სხვა ფაქტორებთან ერთად ამას ხელი შეუწყო ძვ. აღმ. ხალხების მიერ დატოვებული მრავალფეროვანი წარწერების გაშიფვრამ (ჟ. ფ. შამპოლიონი, გ. გროტეფენდი, ბ. ჰროზნი), თუმცა ანტ. წარწერების შეკრება, შესწავლა და გამოცემა XIV ს-იდან დაიწყო. ე-ის როგორც მეცნიერების ჩამოყალიბების გზაზე ერთ-ერთი ნიშანსვეტია გერმ. მეცნიერის ავგუსტ ბეკის ბერძნ. წარწერების სრული კრებულის (Corpus Inscriptionum Graecarum,, შემოკლებით CIG) მრავალტომეულის გამოცემა (1828–72). დიდი ფორმატის 5 ტომში 10000-მდე ბერძნ. წარწერა შევიდა. CIG-ის მოჰყვა Inscriptiones Graece, რ-ის გამოცემა დღემდე გრძელდება. ამჟამად ცნობილია 100000-ზე მეტი ბერძნ. წარწერა. 1899 დასრულდა ლათ. წარწერების სრული კრებულის (Corpus Inscriptionum Latinarum, შემოკლებით CIL ) გამოცემა, რ-ის პროექტი 1847 შეადგინა ცნობილმა ისტორიკოსმა თ. მომზენმა. 1936 გამოიცა ბოლო, XVI ტომიც. მთელი გამოცემა შედგება დიდი ზომის 65 წიგნისაგან და შეიცავს 100000 ლათ. წარწერას, თუმცა ლათ. წარწერების საერთო რაოდენობა 200000 აღწევს. ამ გამოცემების პრინციპები, მეთოდები და ხერხები საფუძვლად დაედო სხვა დამწერლობებისა და სხვაენოვანი წარწერების ანალოგიური კრებულების გამოცემას. სადღეისოდ გამოცემულია, ან გრძელდება ეტრუსკული, სემიტური, ებრ., ირან., სომხ., რუს. და სხვ. წარწერების კორპუსების გამოცემა. არსებობს სპეც. სამეცნ. ჟურნალები, რ-თა მიზანია ძვ. წარწერების გამოქვეყნება. ცალკე განყ-ბა ეთმობა წარწერების პუბლიკაციას („Bulletin de Correspondance Hellénique“, „L’Année épigraphique, Эпиграфика Востока, Нумизматика и эпиграфика“ და სხვ.). გარდა ამისა, ჯერ კიდევ 1663 ლუი XIV-ის ბრძანებით პარიზში დაარსდა და დღემდე წარმატებით მოქმედებს წარწერებისა და სიტყვაკაზმული მწერლობის აკადემია. სისტემატურად ტარდება ეპიგრაფისტთა საერთაშ. კონგრესები. საქართველოში ე-ის ძეგლები და მათთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლეს ქართვ. მეცნიერებმაც. გ. ვ. წერეთელმა შეისწავლა ურარტული, არამ. და ბერძნ. წარწერები. მან არამ. დამწერლობისგან გამოყო ლოკალური ქვესახეობა და მას არმაზული დამწერლობა უწოდა. მანვე გამოსცა საქართვ. სახელმწ. მუზეუმში დაცული ლურსმული დამწერლობის ურარტული ძეგლები (1938). გ. მელიქიშვილმა გამოაქვეყნა ურარტული ლურსმული წარწერების კორპუსი (1960), რ-იც დღემდე ამ ტიპის ძეგლების ყველაზე სრული კრებულია. ძვ. ბერძნ., ბიზანტ-ბერძნ., სემიტური, არამ. ეპიგრაფიკული ძეგლები შეისწავლეს: ს. ყაუხჩიშვილმა, თ. ყაუხჩიშვილმა, კ. წერეთელმა, გ. გიორგაძემ. საქართველოში, გარდა ძვ. ქართ. წარწერებისა, არის ძვ. ბერძნ., არამ., ებრ., სირიული, ბიზანტ., ბერძნ., სომხ., არაბ., თურქ., ძვ. ირან., უიღურული, სლავური წარწერები როგორც მონოლინგვები, ისე ბილინგვები (მ. შ. ყველაზე ცნობილია არმაზის ბილინგვა), ტრილინგვა (გრემის სამენოვანი წარწერა) და ტეტრალინგვა (გარეჯის 1352 წ. ქართ.-სომხ.-სპარს.-უიღურული), რაც ძალზე იშვიათია. მათი ნაწილი აღმოჩენილია არქეოლ. გათხრების დროს, ხოლო უდიდესი ნაწილი – მიწის ზედაპირზე, ნაგებობების კედლებზე და ა. შ. მათი შესწავლა დაიწყო XIX ს-ში და დღემდე გრძელდება. ქართ. ეპიგრაფიკული ძეგლებით დაინტერესება საქართველოში ადრევე დაიწყო. ე. თაყაიშვილი თვლიდა, რომ XI ს. ქართვ. ისტორიკოს სუმბატ დავითის ძეს თავის თხზულებაში ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა გამოყენებული უნდა ჰქონდეს ტაო-კლარჯეთის ქართ. მონასტრების X–XI სს. მრავალრიცხოვანი წარწერების ქრონოლ. და გენეალოგიური ცნობები. ეპიგრაფიკული ძეგლების მონაცემები არაერთგზის აქვს გამოყენებული და დამოწმებული ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.). ქართ. ეპიგრაფიკული ძეგლების სისტემ. შესწავლა XIX ს-ში დაიწყო. პირველი ასეთი სამუშაო ჩაატარა მ. ბროსემ. თავდაპირველად მან შვეიცარიელ მოგზაურსა და მკვლევარს, ფ. დიუბუა დე მონპერეს გაუშიფრა და გამოსაცემად მოამზადებინა 1833–34 საქართველოში მისი მოგზაურობისას შეკრებილი ძვ. ქართ. წარწერები. მოგვიანებით მ. ბროსემ სიძველეთა შესწავლის მიზნით იმოგზაურა საქართველოში, გადმოწერა რამდენიმე ასეული ძვ. ქართ. წარწერის ტექსტი, რ-ებიც გაშიფრა, თარგმნა ფრანგულად, დაურთო კომენტარები (ნაწილს დღესაც არ დაუკარგავს მეცნ. მნიშვნელობა) და გამოაქვეყნა თავის ცნობილ წიგნში – ანგარიშები (Rapports, სულ 12 ანგარიში, გამოქვეყნდა სამ წიგნად სანქტ-პეტერბურგში). მ. ბროსეს ეს პუბლიკაციები მკვლევართათვის დიდხანს იყო მთავარი დასაყრდენი ქართ. ე-ის მონაცემების გამოყენებისას და ამჟამადაც მნიშვნელოვანია განადგურებული ან დაზიანებული წარწერების შესასწავლად. ქართ. ეპიგრაფიკული ძეგლების გამოვლენის, შესწავლისა და გამოცემის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ისტორიკოს დ. ზ. ბაქრაძეს (გამოაქვეყნა გურიისა და აჭარის რამდენიმე ასეული ძვ. ქართ. წარწერა; 1871) და მწერალ გ. ე. წერეთელს (გამოაქვეყნა გელათისა და მდ. ყვირილას ხეობის ხუროთმოძღვრული ძეგლების წარწერები; 1891). ქართ. წარწერები გამოსცეს აგრეთვე ი. როსტომაშვილმა (ჯავახეთი, 1898), ი. გვარამაძემ (სამცხე, ჯავახეთი), თ. ხუსკივაძემ, ა. ქუთათელაძემ, თ. ჟორდანიამ (ძირითადად სხვათა პუბლიკაციების მიხედვით), ა. ხახანაშვილმა და სხვებმა.

ქართ. ე-ში მეცნ. კვლევის შედარებით მაღალი დონის ეტაპი დაიწყო ე. თაყაიშვილმა. მან სპეც. სერიებში (Археологические экскурсии, разыскания и заметки“), წიგნებსა (არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისსა და ჩანგლში 1907 წელს, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, გამოიცა ქართ. და რუს. ენებზე) და წერილებში გამოაქვეყნა ასობით მანამდე უცნობი ძვ. ქართ. წარწერა და ამით კიდევ ერთი დასაყრდენი შეუქმნა ქართ. საისტ. წყაროთმცოდნეობას. XX ს-ში არაერთი მნიშვნელოვანი ძვ. ქართ. წარწერა გამოაქვეყნეს ნ. მარმა, ივ. ჯავახიშვილმა, ა. შანიძემ, კ. კეკელიძემ, გ. ჩუბინაშვილმა და სხვ. თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში ქართ. ხელოვნ. ისტ. ინ-ტის თანამშრომლებმა (რ. მეფისაშვილი, ვ. ცინცაძე და სხვ.), რ-ებიც ხელოვნ. ძეგლების შესწავლა-პუბლიკაციისას მათზე არსებულ წარწერებსაც იკვლევდნენ და აქვეყნებდნენ; ამავე ინ-ტის თანამშრომელმა თ. ბარნაველმა ქართ. წარწერების რამდენიმე სპეც. კრებული (კახეთის, ატენის სიონის, მანგლისის სიონის წარწერებისა) და არაერთი სტატია გამოაქვეყნა. გ. ბოჭორიძემ თავი მოუყარა უნიკალურ ხელნაწერთა კოლექციას. განსაკუთრებით საყურადღებოა მის მიერ მიკვლეული ჯვარისას (რაჭა) ეპიგრაფიკული ძეგლი და თაბორის ოთხთავი (XI ს.). საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმი იმთავითვე გადაიქცა ეპიგრაფიკული ძეგლების თავმოყრის ერთ-ერთ ცენტრად. ამჟამად მუზეუმის ქვის ძეგლების ფონდში (ლაპიდარიუმში) დაცულია ურარტული, ბერძნ., არამ., ებრ., არაბ., სომხ. და, ცხადია, ყველაზე მეტი ძვ. ქართ. წარწერების მნიშვნელოვანი კოლექციები. აქვეა ჯერ კიდევ ადგილებზე დაცული უმნიშვნელოვანესი ეპიგრაფიკული ძეგლების (მ. შ., ურარტული და ძვ. ქართ. წარწერების) ესტამპები და მულაჟები. წლების განმავლობაში ფონდს განაგებდა ვ. ცისკარიშვილი, რ-იც სწავლობდა და აქვეყნებდა ქართ. ეპიგრაფიკულ ძეგლებს. 1953 გამოიცა ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ქართ. ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი (ავტორები – ა. ბაქრაძე, ს. ბოლქვაძე, რედაქტორი ი. აბულაძე). უფრო ადრე (1938) გ. ვ. წერეთელმა ცალკე წიგნად გამოაქვეყნა მუზეუმში დაცული ურარტული წარწერები; ცალკე წიგნადაა გამოცემული აგრეთვე არაბ. წარწერები (ც. კახიანი) და სხვ. ქართ. ეპიგრაფიკული ძეგლების მნიშვნელოვანი კოლექციებია დაცული ნ. ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწ. ისტ. მუზეუმში, საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტ.მუზეუმსა (ახალციხე) და საქართვ. სხვა რ-ნების მხარეთმცოდნეობით მუზეუმებში. დიდი რაოდენობითაა, განსაკუთრებით ჭედური, წარწერები მესტიის ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმსა და სვანეთის ეკლესიებში. დღეისათვის ცნობილია V–XVIII საუკუნეების 10 000-მდე ძვ. ქართ. წარწერა, რ-ებიც საწერი მასალისა და შესრულების ტექ. მიხედვით დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად: 1. ლაპიდარული – ქვაზე რელიეფურად ან ამოკვეთით შესრულებული; 2. მოზაიკური; 3. კერამიკული; 4. ნაკაწრი (ანუ გრაფიტები); 5. ფრესკული – საღებავით შესრულებული; 6. ჭედური – ლითონზე ჩაჭედვით ან რელიეფურად შესრულებული; 7. მინანქრული და ნაქარგი. პირობითად მათთან შეიძლება გავაერთიანოთ მონეტებზე შესრულებული ძვ. ქართ. წარწერებიც, თუმცა ისინი უპირატესად ნუმიზმატიკის შესწავლის საგანია. ქართ. ეპიგრაფიკული ძეგლები შესრულებულია ქართ. დამწერლობის ყველა სახეობით: ასომთავრულით, ნუსხურით, გარდამავალი მხედრულითა და მხედრულით. შინაარსისა და დანიშნულების მიხედვით ძვ. ქართ. წარწერები ასე ჯგუფდება: სამშენებლო, მემორიალური, პილიგრიმული (მლოცველთა) წარწერები, ეპიგრაფიკული საბუთები, მაგიური დანიშნულებისა და შინაარსის ტექსტები (მათვე უნდა მიეკუთვნოს ანბანები ან მათი ნაწყვეტები), ციტატები საღმრთო წერილიდან, ეპიტაფიები, ლექსები, გამოსახულებათა განმარტებითი წარწერები და სხვ. უძველესი ქართ. ეპიგრაფიკული ძეგლია ბოლნისის სიონის სამი წარწერა (იხ. ბოლნისის წარწერები), რ-ებიც ქრისტ. ხანის უძველესი თარიღიანი წერილობითი ძეგლებია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. როგორც ბოლნისის სიონსა და მის მიდამოებში, ისე მთლიანად ქვემო ქართლში რამდენიმე ათეული მათი თანადროული ქართ. წარწერა (უმეტესად ფრაგმენტები) მოიპოვება. საერთოდ, V–VI სს. უძველესი ქართ. ეპიგრაფიკული ძეგლები ცნობილია ქვემო ქართლიდან. აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ქართ. ასომთავრული დამწერლობაც ქვეყნის ამ კუთხეშია ჩასახული. გ. ვ. წერეთელი ბოლნისის წარწერებზე ადრინდელად მიიჩნევდა და V ს. 30-იანი წლების დასაწყისით ათარიღებდა პალესტინაში აღმოჩენილ (1950) ქართ. მოზაიკური წარწერების ნაწილს (იხ. პალესტინის ქართული წარწერები). მეტად მნიშვნელოვანია მცხეთის ჯვრის წარწერები, რ-ებიც ცნობებს გვაწვდიან VI–VII სს. ქართლის ერისმთავართა ოჯახის წევრებსა და საკუთრივ მცხეთის ჯვრის მშენებლობაზე. მათში დასტურდება ერთი და იმავე ზმნის როგორც ხანმეტი, ისე არახანმეტი (ედავ, ხედავ) ფორმები. ეს მკვლევრებს საშუალებას აძლევდა დაესკვნათ, რომ ისინი შესრულებულია ხანმეტობიდან არახანმეტობისაკენ გარდამავალ პერიოდში. დღეისათვის ცნობილი უძველესი ქართ. ეპიგრაფიკული საბუთია წყისის წარწერა (616–619, ა. შანიძე), რ-იც ქვაჯვრის კვარცხლბეკზეა ამოკვეთილი. მასში ფიქსირებულია მიწის სყიდვისა და მისი ეკლესიისათვის (მცხეთის ჯვარი) შეწირვის ფაქტი VII ს. დამდეგს. წყისის წარწერა ერთადერთი ეპიგრაფიკული ძეგლია, რ-შიც ჰაემეტობა დასტურდება (აღჰუმართე). ჯვრის კვარცხლბეკზეა ამოკვეთილი მეორე ასეთივე წარწერა (881–891 ძეგლი ჯავახეთის სოფ. არეშიდან). მასში მოცემულია ცნობა ადგილ. ხელისუფლის – გურგენ კურაპალატის ძის მიერ სოფ. არეშის (არეშტის) კუმურდოს საყდრისათვის შეწირვის თაობაზე. ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ეპიგრაფიკული ძეგლია ატენის სიონის 853 წლის წარწერა, რ-იც ეხება საქართველოში ბუღა თურქის შემოსევას. იგი დათარიღებულია ქართ. ქორონიკონითა და ჰიჯრით. შინაარსით ქრონიკალური ჩანაწერია და შეიცავს დაწვრილებით ქრონოლ. ცნობებს ლაშქრობის მიმდინარეობასა და მის შედეგებზე, ასევე ისტ. პირებზე. ტექსტში დასახელებული არიან არაბი სარდლები ბუღა და ზირაქი, თბილ. ამირა საჰაკი, ქართვ. დიდებულები კახა და მისი ძე თარხუჯი. აღნიშნულია ბუღას მიერ თბილ. დაწვის ზუსტი თარიღი (853 წ. 5 აგვისტო, შაბათი). 964 წლის კუმურდოს ტაძრის წარწერები (ჯავახეთი) მნიშვნელოვანია ცნობებით, რ-ებიც მიუთითებს ეგრის-აფხაზთა მეფეების იურისდიქციის ტერიტორიის და ამ კათედრალური ტაძრის მშენებლობაში ადგილ. სას. და საერო ხელისუფალთა მონაწილეობის შესახებ. 979 ახლო დროით თარიღდება ზარზმის წარწერა ივანე სულაისძისა, ჩორჩანელთა ფეოდ. სახლის წევრისა, რ-იც დავით III კურაპალატის მიერ ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩასახშობად ბიზანტიაში გაგზავნილი ლაშქრის მეომარი იყო და მოპოვებული ნადავლით ეკვდერი ააშენა. წარწერა დოკუმენტურად ადასტურებს ქართველთა დამსახურებას ბიზანტ. საიმპერატორო კარის წინაშე და მის გადასარჩენად დავით კურაპალატის მიერ გაწეულ დახმარებას, კერძოდ, ლაშქრის გაგზავნას თორნიკე ერისთავის მეთაურობით. ქართ. ე. მდიდარია სხვა პირველხარისხოვანი სამეცნ. მნიშვნელობის ძეგლებითაც. მრავალი ქართ. წარწერა მოიპოვება უცხოეთშიც: პალესტინაში, სინას მთაზე, კვიპროსზე, საქართვ. ისტ. პროვინციებში (ამჟამად თურქ. ტერიტ.), რუსეთში, ჩრდ. კავკასიაში (მაგ., ძველი, IX–X სს. ქართ. ეპიგრაფიკული ძეგლები და ისეთი წარწერებიც, რ-თა ენა ადგილობრივია, დამწერლობა კი – ქართული. XV ს-იდან აქ ქართ. წარწერები აღარ ჩანს), სომხეთში. ნიშანდობლივია, რომ სომხ. ქართ. წარწერების მნიშვნელოვანი ნაწილი ეპიგრაფიკული საბუთებია (ანისის ქართული წარწერა 1218; კოშის წარწერა – 1270–85), რაც ქართ. ენის პოლიტ. და იურიდ. სტატუსის მაჩვენებელია იმ პერიოდში, როდესაც სომხ. მიწები ქართ. ფეოდ. სახელმწ. შემადგენლობაში იყო. ქართ. ეპიგრაფიკული დიპლომატიკის კლასიკური ძეგლებია სამეფო მიწათმფლობელობის დამადასტურებელი წარწერები. სამეფო დომენის სხვადასხვა ადგილებში აღმართული იყო სტელები ბაგრატიონთა საგვარეულო ემბლემებით, ხელისა და ჯვრის გამოსახულებით და შესაბამისი ტექსტებით. ჩვენამდე მოაღწია თამარ მეფის, ლაშა-გიორგისა და დავით ნარინის სახელით აღმართულმა ასეთმა ძეგლებმა ქვემო ქართლიდან, თრიალეთიდან და ჯავახეთიდან. XIX ს-ში დაწყებული ქართ. ეპიგრაფიკული ძეგლების შესწავლა ამჟამადაც გრძელდება. 1975 საქართვ. მეცნ. აკად. საქართველოს ისტ. წყაროების კომისიასთან ჩამოყალიბდა ეპიგრაფიკული ძეგლებისა და ხელნაწერთა მინაწერების სექცია. იმავე წელს გამოქვეყნდა სერიის – ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების (შემდეგ მას ქართული წარწერების კორპუსი ეწოდა) გამოცემის პროექტი – წესები და პრინციპები (ვ. სილოგავა, მაცნე, ისტორიის სერია, I, 1975). გამოქვეყნებულია ქართული წარწერების კორპუსის სამი ტომი; I ტომი – V–X სს. ლაპიდარული წარწერები (ნ. შოშიაშვილი); II ტომი – IX–XIII სს. დას. საქართვ. ლაპიდარული წარწერები (ვ. სილოგავა); III ტომი (რ-იც ერთდროულად ფრესკული წარწერების I-ლი ტომიცაა) – ატენის სიონის ფრესკული წარწერები (გ. აბრამიშვილი, ზ. ალექსიძე). ქართ. ეპიგრაფიკული ძეგლების შესწავლა და გამოქვეყნება თემატური, გეოგრ. ქრონოლ. კრებულებისა და ცალკე სტატიების სახით დღესაც მიმდინარეობს.

ლიტ.: სილოგავა ვ., ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები (შესწავლის შედეგები და ამოცანები), «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1975, N1; Грюндель Р., Два замечательных юбилея эпиграфики, «Вестник древней истории», 1965, № 4; Федорова Е. В., Введение в латинскую эпиграфику, М., 1982; Шошиашвили Н. Ф., Развитие грузинской эпиграфики и палеографии, კრ.: Проблемы палеографии и кодикологии в СССР, М., 1974.

ვ. სილოგავა