ზვენიგოროდსკის ელჩობა

ზვენიგოროდსკის ელჩობა კახეთში 1589–90, რუსეთის სამეფოს ელჩობა კახეთში. 1589 აპრილში რუს. ხელმწიფემ თედორე ივანეს ძემ კახეთის მეფის ალექსანდრე II-ისაგან ფიცის წიგნის მიღების შემდეგ კახეთში გაგზავნა ელჩობა თავად სიმონ ზვენიგოროდსკისა და დიაკ ტორხ ანტონოვის მეთაურობით. მათთან ერთად საქართველოში გამოემგზავრნენ ქართვ. ელჩები თავად ყაფლან ვაჩნაძის მეთაურობით (იხ. ვაჩნაძის ელჩობა რუსეთში). 1589 წ. ოქტომბერში ზ. ე. კახეთში ჩავიდა. ელჩებმა ალექსანდრე II-ს რუს. ხელმწიფის წყალობის სიგელი და საჩუქრები გადასცეს. წყალობის სიგელით ხელმწიფე კახეთის სამეფოს მფარველობაში მიღებას და გარეშე მტრებისაგან დაცვას აღუთქვამდა. მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ, 1590 წ. მაისში, ზ. ე. კახეთიდან რუსეთში გაემგზავრა. მათ თან გაჰყვნენ ქართველთა ელჩები სულეიმანი და ხურშიტა.

წყარო: Белокуров С. А., Сношения России с Кавказом, в. 1 (1578–1613), М., 1889.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967.

ვ. მაჭარაძე