ზიარება, ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო. მისი აღსრულება ხდება საგანგებო ღვთისმსახურების – წირვის (იხ. ლიტურგია) დროს. წმიდა ძღვენი – პური და ღვინო – ღვთის ნებითა და ეკლესიის ლოცვით შეიცვლება იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად, რასაც ეზიარებიან მორწმუნენი, რათა დაიმკვიდრონ ღვთის სასუფეველი. ზ-ს წინ უსწრებს მორწმუნის მიერ ცოდვების საიდუმლოდ აღიარება მოძღვართან, რ-იც წმიდა სამების სახელით შეუნდობს მას ცოდვებს. საეკლ. სამართლით, უზიარებლობა სასჯელის ერთ-ერთი ფორმაა. ზ-ის უფლება ერთმევა მორწმუნეს განზრახ მკვლელობისათვის (20 წლით), უნებლიე მკვლელობისათვის (10 წლით), მრუშობისათვის (15 წლით), სიძვისათვის (7 წლით), ცრუ ფიცისათვის (10 წლით) და სხვ. ზოგიერთი მძიმე დანაშაულისათვის (მაგ., შავი მაგიისთვის) მორწმუნეს მთელი სიცოცხლე ერთმევა ზ-ის უფლება – როგორც ყველა მოკვდავს, მასაც მხოლოდ სიკვდილის წინ შეუძლია ეზიაროს. საეკლ. მოძღვრება ზ-ის საიდუმლოს დაწესებას იესო ქრისტეს მიაწერს (მისი ვნების წინ, საიდუმლო სერობის დროს): „და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესო პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და ჰრქუა: სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებლად ცოდვათა” (მათე, XXVI, 26–28).
ზ. კიკნაძე
ვ. კობახიძე