ეპისკოპოსი (ბერძნ. episkopos, სიტყვასიტყვით – მეთვალყურე, ზედამხედველი), რომის კათოლიკურ, მართლმადიდებელ და ანგლიკანურ ეკლესიებში ღვთისმსახურთა უმაღლესი წოდება, საეკლესიო იერარქიის უმაღლესი წარმომადგენელი; იგივეა, რაც არქიელი (მღვდელმთავარი), მღვდლობის უმაღლესი ხარისხის მქონე, რ-საც უფლება აქვს შეასრულოს ქრისტიანობის შვიდივე საიდუმლო და აკურთხოს მირონი. ე. მართავს საეკლ.-ადმ. ერთეულს – ეპარქიას (საეპისკოპოსოს), სადაც მისი პრეროგატივაა საეკლ. იურისდიქცია, ქრისტ. დოგმატების სწავლება-ქადაგება, დაქვემდებარებული საყდრებისა და მონასტრების გამგებლობა, მასზე დამოკიდებული სამღვდელოების ქიროტონია (იხ. ხელდასხმა), საეკლ. თანამდებობებზე დანიშვნა და ა. შ. ადრინდ. ქრისტ. ეკლესიაში ე. იყო ქრისტ. თემის უფროსი, განაგებდა მის ქონებას, დისციპლინარულ სასამართლოს, მასვე ეხებოდა მისდამი დაქვემდებარებული სამღვდელოების ხელდასხმა და სხვ. ქრისტიანობის სახელმწ. რელიგიად ცნობის შემდეგ ბიზანტ. იმპერატორებმა ე-ებს მიანიჭეს პოლიტ. პრივილეგიები და ზოგიერთ სამოქალაქო საქმეთა გამგებლობა. IV ს-იდან დამკვიდრდა ე-თა იერარქია, რ-ის უმაღლეს საფეხურზე დგანან პატრიარქები, შემდეგ – მიტროპოლიტები, რ-თა ნაწილსაც აქვს არქიეპისკოპოსთა (მთავარეპისკოპოსთა) ტიტული; ბოლო საფეხურზე არიან ჩვეულებრივი ე-ები. საქართველოში ე-ის თანამდებობა IV ს-ში შემოვიდა. ძვ. ქართ. წყაროები ასახელებენ პირველ ე-ს, იოანეს, რ-იც საბერძნეთიდან მოვიდა და მცხეთაში იჯდა. ქართ. მართლმადიდებელი ეკლესიის განმტკიცებასთან ერთად იზრდებოდა ე-თა რიცხვიც. V ს-იდან ისინი ექვემდებარებოდნენ ქართლის კათოლიკოსს, XI ს. დასაწყისიდან – სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქს. VII ს-იდან ე-ს არ ჰქონდა ქორწინების უფლება, ამიტომ მას მონაზვნებიდან ირჩევდნენ. ე-ს მწყემსსაც, მღვდელმთავარსაც უწოდებდნენ. აგრეთვე უმაღლესი საეკლ. თანამდებობის პირის ტიტული იყო კათოლიკოსი და კათოლიკოს-პატრიარქი. შუა საუკ. საქართველოში ე-ებმა დიდ ეკონ. და პოლიტ. სიძლიერეს მიაღწიეს და საერო ფეოდალებს გაუთანასწორდნენ. ამასთან, ისინი რელიგიის მეშვეობით დიდ მორალურ ზემოქმედებას ახდენდნენ მოსახლეობაზე. მოსახლ. მათ უხდიდა საეპისკოპოსო გადასახადს (დრამა, ნიშანი, საკანონო და სხვ.). ე-ები აქტიურად ერეოდნენ შინაფეოდ. პოლიტ. საქმიანობაში, ზოგჯერ ცენტრ. ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სეპარატისტულ მოძრაობასაც ედგნენ სათავეში. სახელმწიფოსადმი ეკლესიის დაქვემდებარების შემდეგ (XII ს-ში, დავით აღმაშენებლის დროს) ე-ების უმრავლესობა მეფის პოლიტ. საყრდენ ძალად იქცა. საქართვ. პოლიტ. დაშლის დროიდან (XV ს.) ე-ები თავიანთი მეფე-მთავრების მოკავშირეებად გამოდიოდნენ. დღეს, ე-ის არჩევა და დადგინება ხდება საქართვ. ეკლესიის წმ. სინოდის მიერ. სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქი აძლევს ეპარქიის მღვდელმთავარს დადგინების სიგელს. ე. ვალდებულია დაემორჩილოს უმაღლეს საეკლ. ხელისუფლებას (საქართვ. ეკლესიის წმ. სინოდს და კათოლიკოს-პატრიარქს). სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქთან შეთანხმებით ასრულებს სას. პირების ხელდასხმას, აკურთხებს ეპარქიაში შემავალ ტაძრებს. პასუხისმგებელია საქართვ. ეკლესიის კრებების დადგენილებებისა და სხვ. საეკლ. წესდების შესრულებაზე თავის ეპარქიაში; არის ეპარქიის უმაღლესი სასამართლო ხელისუფალი. ე-ის ხელდასხმა სრულდება მცხეთის სვეტიცხოვლის წმ. ათორმეტ მოციქულთა სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
ბ. ლომინაძე